საბანკო რეგულაციები

ბუცხრიკიძე: მარტი-აპრილში გამარტივდება საბანკო რეგულაციები, გვაქვს პრინციპული შეთანხმება

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე
ტაბულა

TBC ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ სავარაუდოდ, მომდევნო ორ თვეში საბანკო რეგულაციები შერბილდება, რის შესახებაც ეროვნულ ბანკთან "პრინციპული შეთანხმება" არსებობს.

"ბოლო სამი თვის განმავლობაში საკმაოდ აქტიური საუბრები, კონსულტაციები მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან და ჩვენი მოლოდინია, რომ მარტი-აპრილში მოხდება ამ რეგულაციების გამარტივება, რაც იმას გამოიწვევს, რომ წელს როგორც TBC ბანკის, ისე ზოგადად, საბანკო სექტორის ზრდა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემაში უფრო მეტად აქტიური იქნება. მთავარია, რომ პრინციპული შეთანხმება არსებობს," - ამბობს ბუცხრიკიძე.

საბანკო რეგულაციების შერბილების მოსალოდნელ ეფექტებზე საუბრისას ბუცხრიკიძე TV პირველის ეთერში აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გააქტიურდება იპოთეკური სესხების გაცემა:

"ამ რეგულაციების ცვლილების შემდეგ ვფიქრობთ, რომ იპოთეკური სესხების გაცემის გააქტიურება მოხდება და თუ სამომხმარებლო სესხებში წლის დასაწყისში, შარშან ტრენდი იყო შემცირების და შემდეგ მინიმალური შეჩერება და ოდნავი ზრდა იყო, ამ ახალი ცვლილებების შემდეგ უკვე ნულოვან დონეზე არის, ვფიქრობთ, სექტორი და შესაბამისად, მცირედ ზრდას ვგულისხმობთ 5%-დან 10%-მდე, ეს მოლოდინი გვაქვს 2020 წლის განმავლობაში."

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება.

კომენტარები