აშშ

დემოკრატი სენატორი: მჯერა იმ ქალების, რომლებიც ბაიდენს არასასურველ შეხებაში ადანაშაულებენ

ამერიკელი დემოკრატი სენატორი კამალა ჰარისი ამბობს, რომ მას სჯერა იმ ქალების, რომლებიც აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს "არასასურველ შეხებაში" ადანაშაულებს

"მე მათი მჯერა და ვაფასებ მათ იმისთვის, რომ მათ თავიანთი ისტორიის მოყოლა შეძლეს და ამის გამბედაობა ეყოთ,"- უთხრა ჰარისმა ჟურნალისტებს. 

ბაიდენის წინააღმდეგ ეს ბრალდებები იმ ფონზე გაჟღერდა, რომ მან, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის სახელით იყაროს კენჭი. მისი საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით აპრილში გახდება ცნობილი.

პირველი ქალი, რომელმაც ბაიდენი "არასასურველ შეხებაში" დაადანაშაულა ნევადელი დემოკრატი პოლიტიკოსი ლუსი ფლორსია, რომელმაც 29 მარტს თქვა, რომ 2014 წელს მას ბაიდენმა თავზე აკოცა. ფლორსის შეფასებით, ამან მას თავი "საზიზღრად და დაბნეულად" აგრძნობინა. 

ფლორსს რამდენიმე კიდევ ერთი ქალი ემი ლაპოუსი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ 2009 წელს ერთერთ ფანდრაიზინგზე მაშინ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა, რომელმაც კისერზე ხელი მოკიდა და თავისკენ მიიზიდა, რათა ცხვირზე ცხვირით შეხებოდა. 

ბრალდებებს ჯო ბაიდენი შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: 

"ჩემი კამპანიისა და საჯარო ცხოვრების მრავალი წლის განმავლობაში მე უთვალავი ადამიანისთვის ჩამომირთმევია ხელი, ჩავხუტებივარ მას, გამომიხატავს კეთილგანწყობა, მხარდაჭერა და კომფორტი და მჯერა, რომ არცერთხელ - არასდროს - შეუსაბამოდ არ მოვქცეულვარ. თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ასე მოვიქეცი, მას პატივისცემით მოვუსმენ, მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ჩემი განზრახვა". 

მას შემდეგ, რაც ფლორსმა საჯარო განცხადება გააკეთა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის პოტენციურმა ოპონენტებმა ქალის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. 

"ვფიქრობ, რასაც ეს ქალი ამბობს, იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის კულტურის ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ქალები უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ,"- თქვა ბერნი სანდერსმა CBS-თან ინტერვიუში. 

სანდერსმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად კი მის ადმინისტრაციაში მომუშავე ქალები გამოვიდნენ. ერთერთმა მათგანმა, კენდრა ბარკოფ ლემიმ, Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა:

"როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილმა წევრმა და ქალთა საკითხებზე მომუშავემ, ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ მე არასდროს მიგრძვნია თავი არაკომფორტულად იმით, თუ როგორ მექცეოდა ის მე ან სხვა ქალებს. ჯო ბაიდენმა თავისი კარიერა ქალების გაძლიერებას, მათ უსაფრთხოებასა და თანასწორობას მიუძღვნა. ეს ერთერთი მიზეზია, რის გამოც მასთან ვმუშაობდი". 

ბაიდენის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა ასევე მეგან მაკკეინმა, რომელიც ტელეარხ ABC-ზე გადაცემა The View-ის თანაწამყვანი და ამასთან გარდაცვლილი არიზონელი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის, შვილია, რომელიც ძალიან ახლოს იყო ბაიდენთან. 

"ჯო ბაიდენი ამერიკულ პოლიტიკაში ერთერთი ყველაზე ღირსეული და თანაგრძნობით სავსე კაცია. ის მეხმარებოდა მაშინ, როდესაც მამაჩემის დიაგნოზის შესახებ გავიგეთ, მეხმარებოდა მისი მკურნალობისა და მისი გარდაცვალების დროს იმაზე მეტად, ვიდრე მამაჩემის ყველა მეგობარი ერთად. ვისურვებდი, რომ ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან მეტი ემპათია იყოს და არა - ნაკლები,"- თქვა მეგან მაკკეინმა.

კომენტარები