ბრექსითი

ტერეზა მეის თქმით ბრექსითის შეთანხმების შესრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს

ტერეზა მეი
BBC

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თქვა, რომ გადადგება, როდესაც მის ბრექსითის შეთანხმებას შეასრულებს.

"მზად ვარ დავტოვო ეს თანამდებობა იმაზე ადრე, ვიდრე ვაპირებდი, რათა გავაკეთო ის, რაც ქვეყნის და ჩვენი პარტიისათვის უკეთესია. ვიცი, რომ არის ახალი მიდგომისადმი მოთხოვნა, ახალი ლიდერისადმი, ბრექსითის მოლაპარაკებების მეორე ფაზაში, და მე ამას არ გადავეღობები." თქვა მან.

მეის განცხადებიდან რამდენიმე საათში პარლამენტმა კენჭი უყარა მისი შეთანხმების ალტერნატივებს, თუმცა მხარდაჭერა ვერცერთმა ვერ მოიპოვა.

გადადგომის პირობის დადების შემდეგ რამდენიმე პარლამენტარმა, ვინც ამ დრომდე მეის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა, თქვა, რომ მხარს დაუჭერენ მას. მთავრობა გეგმავს მეის შეთანხმება პარლამენტში კენჭისყრაზე ხელახლა კვირის ბოლომდე გაიტანონ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა გუშინ მიიღო შესწორება, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა პრემიერმინისტრის მიერ შეთავაზებული შეთანხმების ალტერნატივები განეხილათ.

ცვლილებას მხარი 329 პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 302 იყო. მომხრეებს შორის იყო 3 მინისტრიც, რომელთაც თანამდებობა დატოვეს. თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის და ბიზნესის მინისტრები.

ტერეზა მეის არ დაუკონკრეტებია დაემორჩილება თუ არა პარლამენტში ამ პროცესის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას. მეის თქმით შესაძლოა პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი ევროკავშირმა არ მიიღოს.

მათ კენჭი უყარეს სხვადასხვა ალტერნატივას, მათ შორის ახალი რეფერენდუმის ჩატარებას და ევროკავშირში დარჩენას, თუმცა მხარდაჭერა ვერცერთმა მოიპოვა.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში ბრექსითის თაობაზე შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდება, ბრიტანეთს გასვლის ხანგრძლივად გადავადება მოუწევს. ამ შემთხვევაში ისინი ვალდებული იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც 23-26 მაისსა ჩანიშნული.

კომენტარები