ახალი ზელანდია

მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ ახალი ზელანდიის პრემიერმა იარაღზე კონტროლის რეფორმა დააანონსა

ჯასინდა არდერნი
Getty Images

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა დაადასტურა, რომ ქრაისთჩარჩში ორ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მთავრობა იარაღის კონტროლის რეფორმას გეგმავს.

არდერნის თქმით ტერორისტულმა თავდასხმამ გამოაჩინა, რომ ქვეყანას იარაღის კონტროლის მხრივ სუსტი კანონები აქვს:

"ამ საშინელი ტერორისტული აქტიდან 10 დღეში ჩვენ გამოვაცხადებთ რეფორმებს, რომლებიც, გვჯერა, რომ ჩვენს საზოგადოებას უფრო უსაფრთხოს გახდის." თქვა მან მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.

ელექტრონული გაყიდვების გვერდმა TradeMe-მ ნახევრადავტომატური იარაღის და მისი ნაწილების გაყიდვა უკვე შეწყვიტა.

არდერნის თქმით გამოძიება ასევე შეისწავლის რომელ სააგენტოებს უნდა სცოდნოდათ თავდამსხმელების იარაღზე წვდომის შესახებ და როგორ უნდა მომხდარიყო ინფორმაციის გაზიარება.

გამოძიება ასევე შეისწავლის თავდასხმაში მონაწილეების გადაადგილებას როგორც ახალ ზელანდიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და მათ აქტიურობას და კონტაქტებს სოციალურ მედიაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქრიასთჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 50 ადამიანი. მათგან 31 კვლავ ქრაისთჩარჩის საავადმყოფოში რჩება. 9 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის არის 4 წლის გოგონაც.

თავდასხმასთან დაკავშირებით ამჟამად დაკავებულია ერთი ადამიანი. 28 წლის ბრენტონ ჰარის ტარანტი. მან თავდასხმამდე პრემიერმინისტრს 87 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, რომელიც ანტი-საიმიგრაციო და მუსლიმების სიძულვილის შემცველ მესიჯებს შეიცავს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს სხვა პირებიც ეხმარებოდნენ.

კომენტარები