რუსული ოკუპაცია

სოფელ ხურვალეთში აქტივისტების ჯგუფს და ჟურნალისტებს უშვებენ

ხურვალეთი, 15 მარტი
ტაბულა

ხურვალეთთან პოლიციის საგუშაგოსთან შეკრებილი აქტივისტების ჯგუფს სოფლის დასათვალიერებლად შეუშვებენ. ოთხი კაცისგან შემდგარი ჯგუფი და ჟურნალისტები იმ ტერიტორიას დაათვალირებენ, სადაც, ადგილობრივი მოსახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტს რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ.

მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი დავით ქაცარავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ სოფელში სიმშვიდეა, ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიას დატოვებენ. 

თავად დავით ქაცარავა ხსენებულ ოთხკაციან ჯგუფში არაა და ხურვალეთში არ შედის, თუმცა ჯგუფი სწორედ "ძალა ერთობაშიას" აქტივისტებისგან შედგება.

სოფელ ხურვალეთში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. დილით სოფლის შესასვლელთან შეკრებილ აქტივისტებს პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა, კორიდორი გააკეთა და შეკრებილებს მოუწოდა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალათ.

ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ 15 მარტს გაავრცელა. ის ამბობდა, რომ რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში არიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ადგილზე ინციდენტები არ აღურიცხავს. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ და შემდეგ ტერიტორია დატოვეს.

 

კომენტარები