მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ჩემი სამშობლო ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა

მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, საკუთარი კულტურით, ტრადიციებითა და თანამედროვეობით. ქართველები საუკუნეებია, ვიცნობთ და პატივს ვცემთ იაპონურ კულტურას, თქვენს ქვეყანას, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვეობა ასე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ძალა და თანამედროვეობის, ინოვაციების, ტექნოლოგიების კუნძულია, დღეს საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს ერთგული და სანდო პარტნიორია. მადლიერებით მინდა ხაზი გავუსვა იაპონიის მთავრობის მტკიცე პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ იაპონიისა და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანესი მორალური და მატერიალური თანადგომისა, რომელიც ასე სჭირდება ქართულ სახელმწიფოს.

დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იაპონელ ხალხს გავეცნოთ, როგორც უძველესი და უნიკალური კულტურის ერი, რომელსაც ჩვენი ღვაწლი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში, როგორც ღვინის სამშობლოს. უკვე მეცნიერულადაც არის დადასტურებული, რომ მსოფლიოში მეღვინეობის კულტურა სწორედ საქართველოდან გავრცელდა და ამის აღიარება მოხდა ღვინის მსოფლიო დედაქალაქში - ბორდოში, სადაც პირველად მოეწყო ქართული ღვინის გამოფენა. შემთხვევითი არ არის, რომ მეორედ სწორედ იაპონიაში, მზის სამშობლოში გაეცნობიან ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს და მის 8000-წლოვან უწყვეტ ისტორიას. ამავე დროს ჩვენ გვაქვს საშუალება, იაპონელ ხალხს გავაცნოთ მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, ჩვენი კულინარია და განსაკუთრებით, ქართული პოლიფონია, რომელიც ცალკე სიმაღლეა და რომელიც ბევრ სხვასთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული. დარწმუნებული ვარ, კულტურათა ასეთი შეხვედრებით ჩვენს უძველეს ერებს შორის გამყარდება მეგობრული კავშირები და კიდევ უფრო გაიზრდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს პირველი ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის მიღწევები, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი. ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოს მიმართ იაპონელების მაღალი დაინტერესება და პატივისცემა გამოიწვია, საქართველოსთვის კი უფრო ახლო მეგობარი გახდა იაპონია.

მიმართა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტოკიოში შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც "ქართულ დღეზე" უმასპინძლა. "ქართული დღისადმი" მიძღვნილი მიღება, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციასთან ერთად, მოიცავდა კულტურულ პროგრამას, “სუხიშვილებისა” და ანსამბლ “ბასიანის” შესრულებით. ღონისძიებას იაპონიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.

კომენტარები