მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: განათლების, როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა იყო პოლიტიკაში მოსვლის მოტივაცია

facebook.com/pg/bakhtadzemamuka

მამუკა ბახტაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად განათლების როლზე, მიღწევებზე სტრატეგიულ განვითარებაზე ისაუბრა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, "განათლების − როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო მისთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია იყო". 

ბახტაძე წერს, რომ განათლება არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ჩააყენებს.

" მე ამაზე ბევრი მისაუბრია: წლების განმავლობაში ყველაზე მცირე დაფინანსება სწორედ განათლების სექტორზე მოდიოდა − ეს იყო სტრატეგიული (ზოგიერთ წლებში − მიზანმიმართული) შეცდომა, რომლის ფასსაც საქართველო დღემდე იხდის. მოცემულობა არის ძალიან მარტივი − ან განათლებაში მივმართავთ ქვეყანაში არსებულ საბიუჯეტო და საინვესტიციო შესაძლებლობების უდიდეს წილს, ან 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული. მეტიც, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, არსებობაც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. 
შესაბამისად, ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული იდეის დატვირთვას ატარებს. 

ჩვენი თავისუფლება გადის განათლებაზე!

პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი ამ სტრატეგიულ მიმართულებაზე და ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს დავინახე ის სისტემური პრობლემა, რომელიც საშუალებას არ აძლევდა მთავრობას, მოეხდინა რადიკალური ცვლილებები ამ მიმართულებით.

ეს პრობლემა ყველაზე კარგად გამოჩნდა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით − ერთდროულად უნდა გაგვეთვალისწინებინა მიმდინარე გამოწვევები, საზოგადოების ყოველდღიური პრობლემები და ამავე დროს, რესურსები მიგვემართა სტრატეგიული მიმართულებების დასაფინანსებლად და თან ეს ყველაფერი მწირი ბიუჯეტის პირობებში. შეუძლებელია, ბიუჯეტში ყველაფერი იყოს პრიორიტეტი, ეს ნიშნავს, რომ არაფერს არ ექნება სტრატეგიული განვითარების პერსპექტივა. 

ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავსვი ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგში, რათა საკანონმდებლო დონეზე დაგვეყენებინა განათლებისათვის რესურსების მობილიზაციის საკითხი. შედეგად მივიღეთ კანონში ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდეგი მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას ვალდებული იქნება, მშპ-ის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი, მიმართოს განათლების სექტორის დაფინანსებისკენ

შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ ეს არის ძალიან დიდი ციფრი, თუმცა, სინამდვილეში ესეც მინიმალურია. სახელმწიფოს მხრიდან მშპ-ის 6%-ის ინვესტირება განათლებაში საშუალებას მოგვცემს, კერძო სექტორიდან მოვიზიდოთ დამატებით 4-5% და ქვეყნის ეკონომიკაში განათლება გავხადოთ დომინანტი სექტორი ორნიშნა წილით მთლიან ეკონომიკაში − ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავუსწორდებით ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც შეძლეს და შექმნეს ცოდნაზე დაფუძნებული მდგრადი ეკონომიკა. 

განათლების ასეთ ფუნდამენტურ რეფორმას გარკვეულწილად ისტორიული მისიის გაგრძელებად აღვიქვამ, ვინაიდან, ჩვენი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს აღმავლობის პერიოდებში, ჩვენი დიდი წინაპრები მთავარ აქცენტს სწორედ განათლებაზე აკეთებდნენ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულია პირველი რესპუბლიკის გამოცდილება, რომლის დროსაც, სულ რაღაც სამ წელიწადში, მთავრობამ 1000-ზე მეტი სკოლა გახსნა და დააარსა პირველი უნივერსიტეტი. 

21-ე საუკუნეში საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ცოდნა. მე მწამს ქართველი ერის განსაკუთრებული ნიჭიერების და, შესაბამისად, განათლება ჩვენთვის არის უალტერნატივო გზა თავისუფლებისკენ. სწორედ განათლების სისტემამ უნდა გაზარდოს მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, ინჟინრები, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები − ხალხი, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფო. 

განათლების რეფორმაში გამოვყავით ხუთი დონე:

- სკოლამდელი განათლება;
- ზოგადი განათლება;
- პროფესიული განათლება;
- უმაღლესი განათლება და
- მეცნიერება.

ეს რეფორმა გულისხმობს:

- ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას ბაღებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის, მეცნიერებისთვის, პროფესორებისთვის, მკვლევარებისთვის;
- ყველა დასახლებულ პუნქტში უმაღლესი სტანდარტის სკოლებისა და ბაღების მშენებლობას;
- ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების შექმნას;
- წამყვანი დასავლური უნივერსიტეტების შემოსვლას საქართველოში;
- საქართველოს, როგორც განათლების კერის იდეის რეალიზაციას.

განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კულტურასთან ერთად, არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და დიდი რესურსის − ადამიანური კაპიტალის განვითარების საფუძველი. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამივე ამ მიმართულების განვითარება იყოს ჰარმონიული და ურთიერთდაკავშირებული. 2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. 

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე"- წერს მამუკა ბახტაძე. 

ვინ შეცვლის მამუკა ბახტაძეს პრემიერმინისტრის პოსტზე, ხვალ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დასახელდება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმის პოსტზე გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის კანდიდატურები განიხილება. ასევე, მედიის ცნობით,შს მინისტრის პოზიციაზე გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. 

კომენტარები