უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

ბუკიკიო: მკაფიო პროცედურებით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლოსთვის არსებითია

Conseil de l'Europe

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ "მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, დაფუძნებული ცხად და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის არსებითია". 

ბუკიკიოს განცხადება ვენეციის კომისიის საიტზე გავრცელდა.

"ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო თხოვნა, წარმოედგინა პოზიცია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. მე მივესალმები საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ითანამშრომლონ ჩვენთან, რათა შეიმუშავონ ღია და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები ამ მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნისთვის. 

ვენეციის კომისია ამ მოთხოვნას მალე დააკმაყოფილებს და სწრაფად იმოქმედებს, ვინაიდან ჩვენ გვესმის, რომ გადაუდებელია უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტება მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის. 

ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა სტატუსი არ დარჩეს განუსაზღვრელი ზედმეტად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, დაფუძნებული ცხად და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებს, არის არსებითი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის", - წერია განცხადებაში. 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

ამის შემდეგ ქართული ოცნების ოფისში ორდღიანი დაძაბული კონსულტაციები გაიმართა. მათი დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ასარჩევად არა მხოლოდ 10, არამედ ბევრად მეტი კანდიდატი უნდა წარადგინოს. 

კანონპროექტი, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად კრიტერიუმებს და პროცედურებს განსაზღვრავს, პარლამენტში უკვე დარეგისიტირებულია

კომენტარები