უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

ბოკერია ODIHR-ზე: ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რამდენი რამე გვაქვს შესაცვლელი ამ სფეროში

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ,  მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით​ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მოსამართლეების შერჩევის გამჭვირვალე პროცესმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ნათლად დაანახა, როგორი დარღვევებით მიმდინარეობდა პროცესი.

"ამ მოსმენების შედეგად რაც გამოვლინდა - კატასტროფა, რომ დააიგნორეს და ისე დანიშნეს მოსამართლეები, რომ არც კი უთხრეს საზოგადოებას რატომ აარჩიეს ეს და არა მეორე მოსამართლე. თუმცა ბატონი გვრიტიშვილი და ამ კლანის წარმომადგენლები უფრო წინ არიან წასულები და იზოლაციის შემდეგ ეტაპზე არიან, როდესაც მთელ თავისუფალ სამყაროს, საერთაშორისო ინსტიტუტებს, ადგილობრივ ოპონენტებს ყველას აგინებ, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ გრჩება იმდენად გაშიშვლებული ხარ.

რა თქმა უნდა ეს დასკვნაც, ისევე როგორც ის, რაც საზოგადოებამ ნახა პარლამენტში მოსმენებისას და შედეგი მერე რაც დადგა, არის კიდევ ერთი არგუმენტი რამდენი რამე გვაქვს ამ სფეროში შესაცვლელი, ოღონდ ამ ცვლილებებს წინ უნდა უსწრებდეს ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის ჩამოცილება ხელისუფლებისგან არჩევნების გზით", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, რომელიც უზენაეს სასმართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს აკვირდებოდა, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

კომენტარები