სიტყვის თავისუფლება

პრეზიდენტი: ცივილურ ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ დეზინფორმაციის და ცილისწამების ნიაღვარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეზინფორმაციის, ცილისწამების და სიძულვილის ენის "ცივილურ ჩარჩოებში" მოქცევის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის. მისი თქმით, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო და ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს.

"საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს - დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. 

როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური მოხსენებისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ხორავას ქუჩის ტრაგედია სწორედ "სიძულვილს და ერთმანეთს გაუტანლობას" დაუკავშირა.

"უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება, და პირველ რიგში - ახალგაზრდები ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა არის ერთადერთი პასუხი ამ მოლოდინზე. 

მე  გამოვედი ასეთი ინიციატივით, რამაც  გამოიწვია ორმაგი დამოკიდებულება და შიში იმისა, რომ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. თუმცა ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების  სახით ემუქრება.

ამ ფორმით არჩევნებში ჩარევა ან დესტაბილიზაციის პროვოცირება გახდა ახალი ხერხი მტრული ძალებისათვის. ამას ეხმიანება ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამას პასუხობს ევროკავშირში "დემოკრატიის დაცვის ცენტრის " დაფუძნების ახალი იდეა და  ახალი რეგულაციები რიგ ქვეყნებში. (თუნდაც, ინგლისის სამეფო კარის განცხადება)
ჩემს ინიციატივას უკვე მოჰყვა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და ეს პროცესი გაგრძელდება. იმედი მაქვს, შევძლებთ ერთობლივი რეკომენდაციების წარდგენას" - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ცილისწამების შესახებ კანონზე სალომე ზურაბიშვილმა პირველად საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. მისი თქმით, "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა. მისი თქმით, "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

საქართველოს პატრიარქს ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "სიტყვით ძალადობა", ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ".

კომენტარები