რუსეთი

პუტინის სპიკერის ქალიშვილი ევროპარლამენტში სტაჟიორად მუშაობს

რადიო თავისუფლების ცნობით, ვლადიმერ პუტინის სპიკერის დმიტრი პესკოვის ქალიშვილმა, 21 წლის იელიზავეტა პესკოვამ, ბრიუსელში ევროპარლამენტში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. მას ევროკავშირის სხვადასხვა დოკუმენტებზე აქვს წვდომა. პესკოვა ევროპარლამენტის ფრანგი წევრისთვის ემერიკ შოპრადისთვის მუშაობს. შოპრადი 2014 წელს ყირიმის ანექსიას ღიად უჭერდა მხარს.

პესკოვას სახელი ევროპარლამენტის საიტზე, შოპრადის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩნდება. პარლამენტარმა დაადასტურა, რომ ის პუტინის სპიკერის შვილი ნამდვილად მისი გუნდის წევრია.

“ქალბატონი პესკოვა ნამდვილად არის რუსეთის ფედერაციაში მნიშვნელოვანი პიროვნების ქალიშვილი, თუმცა, როგორც სტუდენტს, მას იმაზე ნაკლები უფლებები არ აქვს, ვიდრე სხვა ახალგაზრდებს, რომლებისთვისაც სტაჟირება თავიანთი სწავლების ნაწილია“ - წერია შოპრადის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწერილ იმეილში. მისი თქმით, პესკოვა ამჟამად რუსეთში ან რუსეთის სახელმწიფოსთვის არ მუშაობს.

ემერიკ შოპრადი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრია. ის ევროკავშირისა და რუსეთის საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციის წევრიც არის. მოსკოვის მიერ ჩატარებულ ყირიმის რეფერენდუმზე, რასაც ყირიმის ანექსია მოყვა, ის ერთ-ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი იყო. ამ პერიოდში შოპრადი რეფერენდუმს “გამართლებულად“ მიიჩნევდა.

რადიო თავისუფლება რამდენიმე ევროპარლამენტარს დაუკავშირდა. მათი თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ რუსი მაღალჩინოსნის შვილი მათთან ერთად მუშაობდა.

ლატვიელი ევროპარლამენტარის, სანდრა კალნიეტეს თქმით, ეს ევროპარლამენტის ზოგადი უსაფრთხოების წესების დარღევაა.  

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიციუსმა კი, პესკოვას თანამდებობას “ევროპარლამენტში ძალიან დიდი სირცხვილი” უწოდა - “დაუჯერებელია, რომ კრემლი ევროპის ინსტიტუტების ჯიბეებში იქექება.“

ამჟამად პესკოვას, როგორც ევროპარლამენტის სტაჟიორს, ბრიუსელსა და სტრასბურგში, ევროპარლამენტის ორივე შენობაში შესვლა და ყველა კომიტეტსა თუ შეხვედრაზე დასწრება შეუძლია. შოპრადმა ფრანგულ მედია სააგენტოს AFP-ს განუცხადა, რომ პესკოვას არ შეუძლია დახურულ დებატებსა თუ ევროკავშირისა და რუსეთის საპარლამენტო კომიტეტზე დასწრება.  რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი, ძალიან იშვიათად ატარებენ რეალურ შემოწმებას და ხშირად არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების შეხვედრაზე დასწრების შანსი. პესკოვას ასევე ევროპარლამენტისა და შოპრადის პარტიის საკომუნიკაციო ქსელებზე აქვს წვდომა.

სტაჟიორთა ანაზღაურებას ევროპელი მოქალაქეების გადასახადებიდან პარლამენტარების ბიუჯეტი აფინანსებს. უცნობია ანაზღაურების თანხა. პარლამენტარს  შეუძლია განსაზღვროს სტაჟიორის ანაზღაურება, რისი რაოდენობაც თვიურად 0-დან 1600 ევრომდე შეიძლება იყოს.

პუტინის სპიკერის შვილი რუსი მაღალჩინოსნებიდან ერთ-ერთია, ვინც განათლებას დასავლეთ ევროპაში იღებს. პესკოვას მამა პუტინს უკვე ორი ათწლეულია,  ემსახურება. რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი ხშირად აკრიტიკებს მას ქონების გამო. პესკოვა ხშირად იყენებს სოციალურ ქსელ ინსტაგრამს, სადაც 80,000 გამომწერი ჰყავს და ადგილსამყოფელად მოსკოვი, პარიზი და ბრიუსელი აქვს მითითებული.

სტაჟირებაზე მისი რეგისტაცია პარლამენტარის პასუხისმგებლობაა, დროებით აკრედიტაციის საბუთის აღება პარლამენტის სააკრედიტაციო ოფისში უნდა დამოწმდეს. ფორმა მოიცავს ზოგად ინფორმაციას (სახელი, დაბადების თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი), რომლის დამოწმებაც რამდენიმე საათშია შესაძლებელი. სრული დოკუმენტაციის დამოწმებას რამდენიმე კვირა სჭირდება, რის შემდეგაც სტაჟიორს თავისი მოვალეობის შესრულება შეუძლია. ემერიკ შოპრადის თქმით “კონტრაქტი პარლამენტმა გააფორმა“.

2015 წლამდე შოპრადი ფრანგული მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის, მარინ ლე პენის ეროვნული ფრონტის წევრი და 2014 წლის ევროპულ არჩევნებში პარიზის რეგიონში პარტიის ერთ-ერთი მთავარი კანდინატი იყო. ცნობილია, რომ 2014 წელს რუსული ბანკისგან ლე პენის პარტიამ მიიღო 9,4 მილიონი ევროს სესხი, რის შემდეგაც მარინ ლე პენი გაუჩერებლად მოითხოვდა რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. იმის გამო, რომ ლე პენს ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ, შოპრადმა დატოვა პარტია და დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა, მანამ სანამ სხვა მემარჯვენე პოპულისტურ გაერთიანებას  “თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა” შეუერთდებოდა. ამავე გაერთიანებაში არის იტალიის “ხუთი ვარკვლავის მოძრაობა”, პარტიას ხშირად უთქვამს, რომ რუსეთისთვის სანქციები მოეხსნათ.

ევროპარლამენტის არჩევნები მაისშია დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, მოსკოვმა მასში ჩარევა სცადოს.

კომენტარები