დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება დატოვა

ტაბულა

გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება დატოვა. დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თქვა, რომ ქართულ ოცნებაში იწურებოდა მისი რესურსი, ზეგავლენა მოეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. 

"მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ იწურებოდა ჩემი რესურსი, ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უფრო უნდა დასმულიყო კითხვა, რატომ ვრჩები ქართულ ოცნებაში, ვიდრე კითხვა, რატომ წამოვედი ქართული ოცნებიდან.

არის ორი საკითხის თანხვედრა, რომლის პირობებშიც იქ იყო, სადაც ხარ, არის შეუძლებელი.თუ არსებითად, იდეოლოგიურ და ღირებულებების დონეზე, საკითხების გაზიარების კუთხით შორდები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ. 

მეორეა, რომ გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს განსხვავებული ხედვების გამოხატვის საშუალება. 

პირველი მე შეიძლებოდა დამეძლია, დავაფიქსირებდი ჩემს აზრს და მექნებოდა საშუალება ვყოფილიყავი გულწრფელები და ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე, ვისთანაც მაქვს ვალი. 

მაგრამ, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ ხმამაღლა ვერ ილაპარაკებ იმას, რასაც ფიქრობ, უნდა წახვიდე", - თქვა გედევან ფოფხაძემ. 

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტა. 

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმა. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო.

კომენტარები