დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ჩუგოშვილმა, ხულორდავამ, ქაცარავამ და კიდევ ოთხმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა საპარლამენტო თანამდებობები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

ამის შესახებ მათ განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ: თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, ზაზა ხუციშვილი.

ჩუგოშვილის თქმით, მათი პოზიცია ქართულ ოცნებაში იცოდნენ, გუნდის დატოვების სურვილი არ ჰქონიათ, თუმცა სხვა გზა არ დარჩა.

"დღეს იყო ძალიან მძიმე უმრავლესობის სხდომა. ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა დამდგარიყო, ალბათ დასრულდებოდა პარტიისთვის გარკვეული დანაკარგით. ვინაიდან შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიისთვის იყო ცნობილი", - თქვა ჩუგოშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ მას ის არის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, ასევე ქართული ოცნების საერთაშორისო მდივანი და ასეთი განცხადების შემდეგ მოუწევს ამ თანამდებობების დატოვებაც.

"დღეს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრიდა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო სხვადასხვა მიზეზი გამო, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტს მიეღო. სამწუხაროდ, შედეგი დადგა და არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ეს. შედეგი დადგა ისეთი, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხაროა და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ვინაიდან, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომლებზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", - თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩაგდება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილიც ამ პოზიციაზე იყო, თამარ ჩუგოშვილი უარყოფითად პასუხობს და დასძენს, რომ ივანიშვილი პროპორციულ სისტემაც ემხრობოდა.

კითხვას, ​იქნებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში, თამარ ჩუგოშვილი პასუხობს, რომ მომავალზე საუბარი ახლა ძალიან გაუჭირდებათ.

კომენტარები