ფარული ჩანაწერები

ბესელია პირად ჩანაწერებზე ბრალდებულებზე: მე არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია

ტაბულა

"ჩემი ამოცანა გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდების ხილვა არ არის" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე დაკავებულ 16 ახალგაზრდის საქმეს. 

დაკავებულებს შორის 19 წლის ანი აროშიძეცაა, რომელიც სიმსივნით დაავადებული მამის თვალწინ დააპატიმრეს. ანი აროშიძე ყვება, რომ მამა ამ ამბიდან 5 დღეში გარდაიცვალა.

ეკა ბესელია წერს, რომ მისი მთავარი კითხვა გამოძიების მიმართ კვლავაც უცვლელია - ვინ იყო ის, ვინც თავდაპირველად გაავრცელა ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები. 

"მოკლედ, ვეხმიანები იმ ისტორიას, რომელიც ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო - უკანონო ჩანაწერების გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ თავისი ტკივილითა და განცდით - ჩემთვისაც იყო სულისშემძვრელი. მე ადრეც გავაკეთე განცხადება, როდესაც დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობის საკითხი იხილებოდა. 

მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი, ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათუ უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომის გამო. მე არ მინდა, ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია. არ არის თვითმიზანი მათი საპყრობილეში გაშვება. ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე, სიზუსტე და სამართლიანობა. 

მე, როგორც დაზარალებულს, მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები, რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად, ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა, რასაც მე დღის წესრიგიდან არ მოვხსნი.

აქვე, მედიას მინდა, მივმართო, ამ თემებზე საუბრისა თუ მსჯელობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია, გავუფრთხილდეთ ადამიანებს! 

ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო! ასეც ვაპირებ გავაგრძელო, როგორი ბარიერების არ უნდა აღიმართოს წინ,"- წერს ეკა ბესელია. 

19 წლის ანი აროშიძე და კიდევ 15 ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს დააკავა. 16 ბრალდებულიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ანი აროშიძემ თავისი ისტორია 22 თებერვალს მოყვა. მისი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახა და ის 3 ახლო მეგობარს პირად შეტყობინებაში გადაუგზავნა, რისთვისაც ის საჯარო წერილში ბოდიშს უხდის დეპუტატს. 

სოციალურ ქსელში კამპანია #ანიკრიმინალიარარის დაიწყო. ანი აროშიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. მას იურიდიულ დახმარებას პარტია "გირჩი" გაუწევს.

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო. 

კომენტარები