"ეს არის ფაბრიკაცია და პირდაპირი შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე". - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოსმენებს, "ოღონდ კანონის ფარგლებში".
"რაც შეეხება მოსმენებს, ყველა ქვეყანაში ხორციელდება - კანონის ფარგლებში. ჩვენ დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში". - ამბობს ღარიბაშვილი.
13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.
14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.