ვენესუელა

ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე ჯარისკაცებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 1 ადამიანი

Reuters

გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელა-ბრაზილიის საზღვარზე ჯარისკაცებმა მოქალაქეებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ცდილობდნენ ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით დაიღუპა ერთი ადამიანი. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ჰუმანიტარული დახმარების მიღება სურთ, თუმცა სამხედრო ძალები ამის უფლებას არ აძლევენ. ამის გამო მათ სამხედრო მანქანებისათვის გზის გადაღობვა სცადეს, რასაც მათი მხრიდან სროლა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ ვენესუელასა და ბრაზილიას შორის არსებულ საზღვარს ჩაკეტავს. მან ეს გადაწყვეტილება ბრაზილიიდან მომავალი ჰუმანიტარული დახმარების შესაჩერებლად მიიღო.

მან ასევე თქვა, რომ კოლუმბიასთან საზღვრის ჩაკეტვასაც განიხილავს. კოლუმბიის საზღვარზე არსებული ერთ-ერთი პუნქტი, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ხიდი უკვე ჩაკეტილია, რათა ამერიკული და კოლუმბიური ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაებლოკათ. საზღვაო და საჰაერო საზღვარი დაკეტილია კუნძულ კიურასაოსთან, რომელიც აშშ-დან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას და ვენესუელაში გაგზავნას დათანხმდა.

ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო თანმხლებებთან ერთად კოლუმბიის საზღვარზე გაემართა.

ბრაზილიასთან საზღვრის დაკეტვის გამოცხადების შემდეგ ბევრი ვენესუელელი საზღვართან მდებარე ბრაზილიურ ქალაქ პაკარაიმაში წავიდა, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემენ, რამაც საცობები შექმნა. გუაიდოს თქმით საზღვრის ჩაკეტვის მიუხედავად მის მხარდამჭერებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში საკვების და მედიკამენტების შეტანას შეძლებენ.

ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

ხუან გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

კომენტარები