დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ეკა ბესელია: ქართული ოცნება პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა, ამ იდეალებს ბოლომდე მივიყვანთ

"ქართული ოცნება პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა, ჩვენ 1 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანთ" - ეკა ბესელიამ ამ განცხადებით დატოვა დღეს ქართული ოცნების უმრავლესობა. 

მისი თქმით, ის პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში ყოფნას დამოუკიდებელი დეპუტატის სახით გააგრძელებს. 

გთავაზობთ ეკა ბესელიას სიტყვას, რითიც მან 7 წლის შემდეგ უმრავლესობა დატოვა:

"ძალიან რთული და ძალიან ემოციურია ჩემთვის და ამავდროულად არის ძალიან საპასუხისმგებლო ის, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია, ძალიან რთულია, ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, "მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან" იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ. 

მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოაბიტაციას არ გადაყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. 

ჩვენ ყველას ერთად, უმრავლესობას თუ უმრავლესობის შიგნით უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი. ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რისთვისაც 1 ოქტომბერი მოვიდა. ან ადგილიდან დავძრათ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ნებისმიერი ადგილიდან, ეს არის გასაკეთებელი. 

რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება: 

სააკაშვილი და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი, მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა, იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს თემა, რაც გუშინ იყო კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე ამ შეფასებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს. 

ჩვენ ეს შეფასება 2016 წელს გავაკეთეთ. უფრო ადრეც გავაკეთეთ, 2012 წლის 1 ოქტომბერიც ამ სახელის დარქმევა იყო, მაგრამ ქართული ოცნება პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ გვაქვს დღეს ღირებულებათა სხვაობა. ჩემი ყველა მცდელობა ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა მცდელობა, რაც კი მე მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისაგან, როგორც შემოაღწია ქართული ოცნების შიგნით და საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი. 

თავის დროზე, როდესაც მე პოლიტიკაში წავედი ჩემი პროფესიიდან, მიზეზი იყო სამართლიანობა და სასამართლოს არ არსებობა. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და გრძელდება დღესაც. რა უნდა გავაკეთოთ? რა მიმაჩნია, რომ უნდა გაკეთდეს? რის მიღწევას ვცდილობდი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი პარტიის შიგნით, სასამართლო რეფორმის კუთხით: 

პირველი, ხალხს უნდა ვკითხოთ, ისინი უჭერენ თუ არა მხარს იმ მოსამართლეთა უვადო გამწესებას, რომლებიც იყვნენ იმ სისასტიკის და იმ არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედნი და კონსტიტუციური ცვლილება დავიწყოთ. მათ შორის, ეს ცვლილება უნდა შეეხოთ იმათაც, ვინც უკვე დანიშნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირად გვექნება პასუხი იმათ მიმართ, ვინც უკვე გაამწესა ნდობადაკარგულმა იუსტიციის საბჭომ და იმათ მიმართა, ვინც უკვე უნდა გაამწესოს. 

მეორე, იუსტიციის საბჭო უნდა შეიცვალოს. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უსწრაფესად. 

მესამე, იუსტიციის სკოლის რეფორმით უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო ხელისუფლების შიგნით და ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდნენ ამ ძალადობრივ რეჟიმს და სისასტიკეს, მათ უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება. 

უნდა გამკაცრდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და მათი გადაწყვეტა ანუ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ამ საბჭოს ხელში. უნდა დაკომპლექტდეს საბჭო ახალი შემადგენლობით და დაბალანსებული კონფიგურაციით. 

და მეხუთე, უზენაეს სასამართლოში უნდა გავამწესოთ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულნი ძალადობრივ რეჟიმთან. არ იყვნენ მათი მსახურნი. 

დღეს ჩვენ ვხედავთ პროცესს, როდესაც ისევ ხდება ამ ინტერესების ლობირება და ამას ვხედავთ პარლამენტის თავმჯდომარის და იმ ადამიანების სახით, რომლებიც მე არასდროს არ მინახავს იმ ბრძოლაში, როდესაც მე, ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები წლების განმავლობაში ვცდილობდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის შეცვლას. ამიტომ, ჩემი ეს გადაწყვეტილება, შეიძლება, არის რთული ჩემთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის სამართლიანიც, მართებულიც და სწორიც. მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასოდეს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასოდეს არ უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასოდეს არ აურჩევია კომფორტი, თანამდებობა და არასოდეს არ უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. მე მათთან ერთად გავაგრძელებ ამ ბრძოლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე იმ იდეალებს, რისთვისაც 1 ოქტომბერი ამ ქვეყანაში მოვიდა". 


ეკა ბესელიასთან ერთად ქართული ოცნების უმრავლესობა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, გედევან ფოფხაძემაც დატოვოს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მას ჯერ არ გაუკეთებია. ბესელიას კიდევ ერთმა თანამებრძოლმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გუშინ თქვა, რომ უმრავლესობის სახელით პარლამენტში ბოლო გამოსვლა ჰქონდა. 

რამდენიმე დღის წინ ბესელიამ თქვა, რომ მოსამართლეების შესახებ მისი კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნებოდა დამოკიდებულება მისი გადაწყვეტილება, დატოვებდა თუ არა ქართულ ოცნებას.

ბესელიასა და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.  

"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი, წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები