რუსული კანონი

მეუფე იაკობი რუსულ კანონზე: არავითარი რუსული არ არის, ახალგაზრდობამ ვერ გაიგო, რა ხდება

გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, არის ძირითადი კრიტიკა ამერიკიდან და ევროკავშირიდან, იმიტომ, რომ რუსები თუ დააფინანსებენ, ჩუმად დააფინანსებენ. თუ შემოდის დაფინანსება, მოდის ამერიკიდან, მოდის ევროკავშირიდან. ამ კანონის არსი რა იყო, რომ ნებისმიერი ქვეყანა, მეგობრად ჩათვლი, არ ჩათვლი - მეგობრობა სახელმწიფოებს შორის მოგონილი ამბავია - აქ არის მთავარი, რომ რატომ მაძლევ ფულს, რისთვის მაძლევ ფულს და ჩემიანი რაში იყენებს იმ ფულს. რაც კარგია, აუცილებლად უნდა მივიღოთ და გაკეთდეს. მეცნიერებაში იქნება თუ თუნდაც სამოქალაქო სექტორში, ვინ უშლით.

დასამალი რა არის, ვისთვის რა არის დასამალი. მე თუ უნდა ვთქვა, რა შემოსავალი მაქვს, რატომ არ არის ვალდებული, სხვამაც დააფიქსიროთ უცხოეთიდან შემოსული ფული. მე ვფიქრობ, რომ სრულიად სამართლიანია მოთხოვნა, უბრალოდ, როგორ სიტუაციაში მოხდა ეგ სხვა საკითხია, იმიტომ, რომ ახალგაზრდობამ კარგად ვერ გაიგო, რა ხდება, იმიტომ, რომ მიდიოდა სულ "რუსული, რუსული, რუსული". არავითარი რუსული არ არის - ეს დიდი ბოროტებაა, როცა იძახიან რუსულს. შეიძლება თავიანთი რუსობა გადაფარონ მაგით, აბსოლუტურად.

ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, ბოლო პერიოდში ვატყობ, რომ რუსეთიც გააქტიურებულია და შეიძლება თვითონ ეგონოთ, რომ საქართველოსთვის იბრძვიან და ვიღაცებთან ერთად არასწორი გზით წავიდნენ. ამიტომ, დაფიქრება გვმართებს, გონიერება გვმართებს და ახალგაზრდების ის მიხარია, რომ საქართველო უყვართ, მოქალაქეებად თავი იგრძნეს უკვე და მოვა დრო და ჩაიბარებენ ქვეყანას. გონიერმა ხალხმა უნდა ჩაიბაროს ქვეყანა, მაგას ვიტყოდი და ამიტომ, ყველაფერში გონივრულად უნდა მოვიქცეთ.

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა იმედი LIVE-ის ეთერში.

კომენტარები