საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მესამე მოადგილედ ირაკლი ბურჭულაძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ბურჭულაძე ამ თანამდებობაზე გუშინ, 13 თებერვალს დაინიშნა.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის მაგისტრია ფინანსების მიმართულებით. მას ასევე მიღებული აქვ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი საქართველოს საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში. საიტზე მითითებულია, რომ 2012 წელს ირაკლი ბურჭულაძემ კარიერა დაიწყო კომპანია "ჯი-ი-სი დეველოპმენტში" ფინანსური საკითხების კონსულტანტად, ხოლო 2014-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მას, ტექნიკური დახმარების ფარგლებში განხორციელებული აქვს 6-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და ინსტიტუტში. მათ შორისაა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ა.შ.

ირაკლი ბურჭულაძე გიორგი ჭიჭინაძისა და ვაჟა ჯაფოშვილის შემდეგ, საპენსიო სააგენტოს დირექტორის უკვე მესამე მოადგილეა. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მოადგილეების ვაკანტური პოსტები ამით შეივსო.

საპენსიო სააგენტო მას შემდეგ შეიქმნა, რაც საქართველოს მთავრობამ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შემოღება გადაწყვიტა. უწყების დირექტორი ლევან სურგულაძეა. რეფორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა უცნობია მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში.

კომენტარები