საქართველოს სახალხო დამცველმა 6 რეგიონში 108 საჯარო სკოლა შეისწავლა, მათ შორის იყო დიდი და პატარა სკოლები როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში. გამოვლინდა, რომ სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეთა საჭიროებებზე.
"სკოლებში წყლის ხელმისაწვდომობა, გამართული საპირფარეშოებისა და წყალმოხმარების ობიექტების მუშაობა, ჰიგიენური ნორმების დაცვა და გაუმჯობესება დღემდე უმწვავეს პრობლემად გვევლინება", - აღნიშნულია ანგარიშში.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველმა გამოავლინა საჯარო სკოლები, სადაც საერთოდ არ არის სასმელი და სამეურნეო გამოყენების წყალი.
"ეს პრობლემებს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის თანამშრომლებსა და განსაკუთრებით დამლაგებლებს, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში, სკოლის დამლაგებლებს ტექნიკური გამოყენების წყლით სკოლის მომარაგება რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ადგილობრივი მოსახლის ეზოდან ან საერთო წყალმოხმარების ობიექტიდან უწევთ. მსგავს პირობებში მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი, დაიბანონ ხელი და ა.შ.", - ამბობს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ განსხვავებულია სკოლის ადმინისტრაციის შეფასება და ვიზუალური დათვალიერების შედეგები. თუმცა, სკოლების ნაწილში, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე საუბრობენ ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა სველი წერტილების შეუსაბამობა თანამედროვე სტანდარტებითან; არაიზოლირებული და სარემონტო საპირფარეშოები, მათ შორის, ხშირად ტუალეტებს არ აქვს კარი, არ მუშაობს ხელსაბანი ონკანი); არ მუშაობს კანალიზაცია, სოფლის სკოლებში ხშირად არის გასაწმენდი და სარეაბილიტაციო საკანალიზაციო სისტემა; საპირფარეშოს ჯიხურებში არ არის გამართული ჩასარეცხი სისტემები; სკოლაში თანხების ნაკლებობა საპირფარეშოს მოსაწყობად და ა.შ.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
"სკოლების ფიზიკური გარემოსა და სანიტარიული წერტილების დათვალიერება ცხადყოფს, რომ სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და რეცხავენ, მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა, რიგ სკოლებში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარ-ფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ შემოწმებულ სკოლებში, უმთავრესად კი, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში, საპირფარეშოს ჯიხურები ძირითადად სკოლების შენობების გარეთ (57.4%) არის მოთავსებული. 11 სკოლაში საპირფარეშოს ჯიხურები განთავსებულია როგორც სკოლის შენობის შიგნით, ისე გარეთ.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
"სოფლის სკოლებში ნაგავს ან ეზოებში წვავენ, ან შენობაში ადგილზე ინახება კვირის განმავლობაში და შემდგომ გააქვთ სკოლის ტერიტორიიდან. რამდენიმე სკოლაში ასევე გამოვლინდა, რომ ნაგავს ახლომდებარე მდინარეში ყრიდნენ", - აღნიშნულია სახალხო დამცველის დასკვნაში.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
"გამოკითხულ დამლაგებელთა, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ცნობით, სადეზინფექციო საშუალებებად ძირითადად გამოიყენებენ ქლორსა (72.2%) და სარეცხ ფხვნილს, სპეციალურ ხსნარსა და ქლორს - ერთობლივად (14.8% - 16 სკოლა). რიგ სკოლებში პირდაპირი წესით ხდება მერხების, სკამებისა და საკლასო ნივთების "დაქლორვა", მცირებიუჯეტიან სკოლებში კი, არ აქვთ სათანადო თანხა სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების შესასყიდად", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, სკოლების უმრავლესობაში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არ ჩატარებულა ან არარეგულარულად ტარდება (71.3%), 12 სკოლაში ტარდება ყოველ 1 კალენდარულ წელში ან/და ჩატარებულა ბოლო 1 წლის განმავლობაში. ხოლო შემოწმებული სკოლებიდან 16 სკოლაში დადასტურდა წყლის სასმელად ვარგისიანობა და უსაფრთხოება.
წყლის უვნებლობის მონიტორინგის კუთხით, განსხვავებული მდგომარეობა იკვეთება რეგიონებში.
"გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ საჯარო სკოლებს ტერიტორიული თუ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემების გამო, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინიციატივით, შესაბამისად აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოიკვლიონ წყლის უვნებლობა. რეგიონებში მდებარე რიგ სკოლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებით, დაწესებულებას სათანადო ფინანსური რესურსი არ აქვს საიმისოდ, რომ თავიანთი ინიციატივით გამოიკვლიონ შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში მათ სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური უვნებლობა, ამასთან, ადმინისტრაციის ნაწილი არ არის ინფორმირებული, რომელ უწყებას ევალება, ან რა გზით უნდა შემოწმდეს სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უვნებლობა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა, რომ შემოწმებული სკოლების უმეტესობაში არ არის ხელმისაწვდომი შემდეგი რესურსები: ბუფეტი (74.1%); სამედიცინო კაბინეტი (67.6); ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა სკოლის შენობაში (63.9%); ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა სკოლის ეზოში (54.6%):
სახალხო დამცველი დაინტერესდა სკოლებში ჰიგიენის საკითხების შესწავლითაც. სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებიდან, გამოკითხული რესპონდენტების 11.1% (12 რესპონდენტი) მიუთითებს, რომ მათ სკოლებში ჰიგიენის საკითხები არ ისწავლება. იმ დაწესებულებებში კი, სადაც აღნიშნული საკითხები საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია (88.9%), სწავლების მეთოდები და სახეები განსხვავდება სასკოლო საფეხურებისა და საგნების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს ჰიგიენის დაცვის საკითხებზე, ძირითადად, დამრიგებლები ესაუბრებიან კლასის საათების ფარგლებში.
--------
სახალხო დამცველი აქვეყნებს განათლების სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვით, 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში 94 საჯარო სკოლაში არ არის ხელმისაწვდომი სასმელი და სამეურნეო გამოყენების წყალი, სკოლების მნიშვნელოვან ნაწილში კი წყალგაყვანილობის სისტემა მხოლოდ დაწესებულების შენობის გარეთ (ეზოში) ფუნქციონირებს. ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს არღვევს როგორც საერთაშორისო, ისე - ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა ჯანმრთელობას.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებების განუყოფელი და არსებითი ნაწილია, რადგან ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, ღირსეული განვითარების პროცესში, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამასთან, წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობა ბავშვის კეთილდღეობის პრინციპის განხორციელების აუცილებელი პირობაა.
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის სათანადო პირობებზე ხელმისაწვდომობა კანონით დაცული უფლებაა. გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა ეფუძნებოდეს მის ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და საგანმანათლებლო საჭიროებებს; ხოლო უვნებელი სასმელი წყალი, ისევე როგორც სანიტარულ–ჰიგიენური პირობების მოწესრიგება, არსებითია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებათა რეალიზებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, დაბინძურებული წყლის მიღება აფერხებს ბავშვის ფსიქო–ფიზიკურ განვითარებას", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ომბუდმენი მიიჩნევს, რომ რიგ სკოლებში, სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურული პირობების, წყლის ხელმისაწვდომობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მხრივ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს გადაუდებელ მოწესრიგებას, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ის შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:
საქართველოს მთავრობას
- განახლდეს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების რეგულირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) პრინციპების გათვალისწინებით;
- შეფასდეს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე არსებული მექანიზმის ეფექტიანობა და დაიგეგმოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საჯარო სკოლებში ზედამხედველობის სისტემური და ეფექტიანი მექანიზმის, მათ შორის, წყლის უვნებლობის რეგულარული მონიტორინგის სპეციალური პროგრამისა და წესის განსაზღვრისათვის;
- გონივრულ ვადებში განხორციელდეს საჯარო სკოლებში წყლისა და სანიტარული ნორმების შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრაზე აქტიური კონტროლი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
- მუნიციპალურ ორგანოებთან თანამშრომლობით, დროულად გაკონტროლდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანა, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
- რეგულარულად განხორციელდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები არასრულწლოვნებისთვის, მშობლებისა და სკოლაში დასაქმებული პროფესიონალებისთვის წყლის რესურსების მისაწვდომობისა და რაციონალური გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების შესახებ;
- სასწავლო პროგრამებში აქტიურად და ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ფორმატში დაინერგოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების შესახებ სწავლების საკითხები;
- ხელი შეეწყოს საჯარო სკოლებში შიდა დოკუმენტაციისა და რეგულაციების შემუშავება/მოწესრიგებას წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
- ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და წყლის ხარისხის ამაღლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და განსაკუთრებით, ბავშვებისათვის წყლის მისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს;
- გამოვლინდეს ყველა ის საჯარო სკოლა, სადაც პრობლემაა წყლის ხელმისაწვდომობა, საპირფარეშოებში არსებული მძიმე სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და დაიგეგმოს პრობლემის მოგვარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
კვლევის მეთოდოლოგია:
კვლევა 2018 წელს მოიცავს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოიყენა კვლევის შერეული მეთოდი; განხორციელდა როგორც სამაგიდო კვლევა და გაანალიზდა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე, საჯარო სკოლებში ადგილზე მონიტორინგის გზით გადამოწმდა არსებული რეგულაციების პრაქტიკაში შესრულება და მასზე მონიტორინგის არსებული პრაქტიკა. კვლევის ფარგლებში ასევე მოეწყო ფოკუს ჯგუფები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
საველე ვიზიტები განხორციელდა 108 საჯარო სკოლაში. მონიტორინგი ეყრდნობოდა რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ფარგლებში შემუშავებულ 2 სახის ინსტრუმენტს: შესამოწმებელ დაწესებულებათა ვიზუალური დათვალიერების კითხვარს და სკოლის ადმინისტრაციასთან ჩასატარებელი ინტერვიუს კითხვარს; კვლევის ფარგლებში მოეწყო ფოკუს ჯგუფები V-VII კლასების მოსწავლეებთან; მონიტორინგის ფარგლებში, ასევე შეისწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შინაგანაწესი, დირექტორისა და სხვა პასუხისმგებელი პირების ბრძანებები/განკარგულებები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ.




