ვენესუელა

მადურო: შეჩერდი ტრამპ! შეცდომებს უშვებ და ხელებს სისხლში გაისვრი

ნიკოლას მადურო
AFP

ვენესუელის რეჟიმის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ თქვა, რომ თუ აშშ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს დონალდ ტრამპი "ხელებს სისხლში გაისვრის". ესპანურ LaSexta-სთან საუბარში მან თქვა, რომ ტრამპი რომ მის წინ იყოს ეტყოდა: "შეჩერდი, შეჩერდი დონალდ ტრამპ, შეცდომებს უშვებ, რაც ხელებს სისხლში გაგისვრის და შენი პრეზიდენტობაც სისხლით იქნება შეღებილი."

მადუროს თქმით ტრამპმა "ლათინურ ამერიკაში ვიეტნამი არ უნდა გაიმეოროს":

"უნდა ვიომოთ, რათა ჩვენი ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემ გადავაფასოთ?" თქვა მან.

ამავე ინტერვიუში მან უარი თქვა დამორჩილებოდა ევროპული ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის და საფრანგეთის, ქვეყანაში არჩევნების დანიშვნის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნები ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობენ.

"ჩვენ ულტიმატუმებს არავისგან ვიღებთ. უარს ვამბობ ახლა არჩევნების დანიშვნაზე. არჩევნები 2024 წელს გაიმართება. არ გვადარდებს რას ამბობს ევროპა." თქვა მადურომ.

CBS-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადუროსთან მოლაპარაკებები გამორიცხა: "იმ ბევრი საშინელების გამო, რაც ვენსუელაში ხდება, როდესაც ამ ქვეყანას შეხედავთ." განმარტა მან.

შეკითხვაზე განიხილება თუ არა რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყება ტრამპმა თქვა:

"არ მინდა ამის თქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ვარიანტია."

შეგახსენებთ, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ხოლო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

ნიკოლას მადურომ რუსულ სახელმწიფო მედია RIA Novosti-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისათვის მზადაა. გუაიდო მადუროს დიქტატორს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად.

კომენტარები