Super Bowl 2019

Maroon 5-ის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში ყველაზე ცუდ შოუდ შეფასდა

getty images

Super Bowl-ის შოუზე Maroon 5-ის გამოსვლას კრიტიკა მოჰყვა. გულშემატკივრები ამბობენ, რომ გამოსვლა "მეტისმეტად ხანგრძლივი და მოსაწყენი იყო" და რომ მათ "იმედები გაუცრუვდათ".  

ჯგუფის სოლისტმა, ადამ ლევაინმა მაისური გაიხადა. მედია წერს, რომ ეს ყველაზე ცუდი შოუ იყო სუპერ ბოულის ისტორიაში და ერთადერთი კარგი, რაც მოხდა, სწორედ ლევაინის სანახევროდ გაშიშვლება იყო. 

ბევრ მაყურებელს ადამ ლევაინის ამ ნაბიჯმა წლების წინ ჯენეტ ჯექსონის შოუ გაახსენდა, როდესაც ამერიკელმა მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად გამოსვლისას მკერდი გამოაჩინა.

მედია წერს, რომ შოუს ჰქონდა კომეტები, დრონები, ბენდი და სპანჯბობიც კი, ყველაფერი, გარდა ემოციისა. 

ჯგუფმა თავისი ყველა ჰიტი იმღერა, This Love-დან Girls Like You-მდე, მაგრამ ცეცხლის დანთება მაინც ვერ მოახერხა. 

სიმღერის She Will Be Loved შესრულების დროს ცაში ჩინური სანათები გაუშვეს, ასევე, დრონებმა სცადეს, დაეწერათ ფრაზა One Love - ერთადერთი სიყვარული. 

მომღერალ ადამ ლევაინის უკანა ფონზე ერთმანეთს წყვილი ეხვეოდა. სავარაუდოდ, მათ ზუსტად იცოდნენ, რომ მილიონობით ადამიანი უყურებდა. 

თავად ადამ ლევაინი მუხლებზეც დაეცა და ბევრი რესურსი დახარჯა, რომ თანმიმდევრული, სასიამოვნო შოუ შეექმნა, თუმცა უშედეგოდ. 

შოუს ვერც რეპერი ტრევის სკოტის სცენაზე გამოჩენამ უშველა. 

შოუს ტვიტერზეც უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მის შესახებ თვით კალათბურთის ლეგენდამ, ლებრონ ჯეიმსმაც დაწერა. 

თავად სუპერ ბოულის მატჩი New England Patriots-ის გამარჯვებით დასრულდა, მათ Los Angeles Ram-სი 13:3 დაამარცხეს.

Super Bowl ამერიკული ფეხბურთის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩია. უშუალოდ თამაშის დაწყებამდე შოუ ტარდება, რომელშიც მუსიკის ვარსკვლავები მონაწილეობენ. პირველი სუპერ ბოული 1967 წელს ჩატარდა. 

კომენტარები