განათლება

ქადაგიძე: ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ ვარ

ილიაუნი

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე წერს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად, ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის. ის ამას ცვლილებების შიშს უკავშირებს.

"ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის.

პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას, რომლის შედეგად სამწუხაროდ აღარ ვარ სკოლის დეკანი.

მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.

ცხადია ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო", - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

ის აქვეყნებს რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს, რომელიც, მისი თქმით, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის.

ტაბულა ცდილობს ილიაუნის პრესსამსახურთან დაკავშირებას და უნივერსიტეტის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: გიორგი ქადაგიძის განცხადებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გამოეხმაურა. გიგა ზედანიას თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. რექტორი განმარტავს, რომ იდეა არის ერთიანი სივრცე, სადაც მაღალი ტექნოლოგიები, ბიზნესი და განათლება გადაიკვეთება. ზედანია ამბობს, რომ პროფესორები და პროგრამები რჩება, ასევე, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

თუმცა, ილიაუნის რექტორი აქვე აღნიშნავს, რომ 2019 წელს განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმაში მონაწილეობაზე გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა.

"2019 წელი განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელზეც ლაპარაკი ბევრად ადრეა დაწყებული. ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით. თუმცა გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა პროცესში მონაწილეობაზე.

გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც.

სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა." ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია.

შინაარსი ესაა, პერსონალურ კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებ", - წერს გიგა ზედანია ფეისბუქზე.

კომენტარები