ვენესუელა

"5 000 ჯარისკაცი კოლუმბიაში" - რა ეწერა ბოლტონს წიგნაკში პრესკონფერენციის დროს

Jim Young / Reuters / Scanpix / LETA

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის პრეზინდეტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, გუშინ, 28 იანვრის საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც გახსნილი წიგნაკით მივიდა. კადრის მიახლოების შემდეგ, ჟურნალისტებმა დაინახეს, რა ეწერა ჯონ ბოლტონს წიგნაკის პირველ გვერდზე: "5 000 ჯარისკაცი კოლუმბიაში". 


კოლუმბიას, რომელიც სამხრეთ ამერიკაში აშშ-ის ერთერთი მთავარი პარტნიორია, ვენესუელასთან საერთო საზღვარი აქვს. სხვადასხვა გავლენიანი დასავლური მედია იმის შესახებ საუბრობს, რომ შესაძლოა, ვაშინგტონი ვენესუელის კონფლიქტში შეიარაღებულ, სამხედრო ჩარევას გეგმავდეს. 

თეთრ სახლს ოფიციალურად არ უარუყვია მედიის მიერ განვითარებული ვერსია. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს კითხვაზე მოკლედ უპასუხა, რომ "როგორც პრეზიდენტმა თქვა, ის ყველა ვარიანტს განიხილავს". აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰენმა კი განაცხადა, რომ "პენტაგონი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება".

აშშ-ის მიერ ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარების გამო ვენესუელამ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა, თუმცა ვადის გასვლამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გაუქმდებოდა და 30-დღიან ვადაში ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაიმართებოდა.

ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ქვეყანაში ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები