ქრთამის აღება

ხმალაძე: კორუფციაში ჩართვა ვინც გადაწყვიტა, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა

"მერის განცხადების მიუხედავად, კორუფციაში ჩართვის გადაწყვეტილება ვინც მიიღო, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა." - ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს. ხმალაძის თქმით, მსგავსი ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მერია სისტემატურად ატარებს.

„ძალიან ცუდია, რომ ყველამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ჩვენ არ დავუშვებთ კორუფციას და ვიქნებით უმკაცრესები ამგვარი ფაქტების გამოვლენისას.თუ გავიხსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში, თბილისის მთავრობის პირველივე სხდომაზე მერმა გააკეთა განცხადება და გაფრთხილება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ. ვინც ეს განცხადება ასე მარტივად გაატარა და ამის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება კორუფციაში ჩართვაზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხი მიეცემა. მე წინასწარ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამას აქვს შესაბამისი სამართლებრივი პროცესი და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მინდა, ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს, მიიღოს გაფრთხილება, ვისაც კი ასეთი რამ გაუფიქრებია, ბოლომდე მოგყვებით. ისინი აუცილებლად დაადგებიან იმავე გზას, რა გზასაც კორუფციაში ჩართული ადამიანები ადგანან“, -  განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით მის შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავად ივანეიშვილი გუშინ დააკავეს. 

კომენტარები