უზენაესი სასამართლო

NGO-ები ფრაქ​ციებს და დიპლომატებს სასამართლოს პრობლემებზე საკუთარ ხედვას აცნობენ

საქართველოს უზენაესი სასამართლო
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებითვის" პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

ისინი მათ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თავიანთ ხედვას აცნობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები არ გეგმავენ, მონაწილეობა მიიღონ 27 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაში, რომელშიც პარლამენტარები, იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად იკრიბებიან. 

NGO-ების წარმომადგენლების თქმით, ეს ცრუ და არაფრისმომცემი სამუშაო ფორმატი იქნება, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტის შესუსტებას ისახავს მიზნად. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ 27 იანვრის შეხვედრაზე მათ არ მიეცემათ საშუალება, შეკრებილებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გააცნონ და კონკრეტულ შედეგებს მიაღწიონ. სწორედ ამიტომ, ისინი საპარლამენტო ფრაქციებს და დიპლომატიურ კორპუსს ცალ-ცალკე შეხვდებიან და საკუთარ პოზიციებს გააცნობენ, რათა მათ საკუთარი სტრატეგიის დაგეგმვისას NGO-ების არგუმენტებიც გაითვალისწინონ.

"ჩვენ გვაქ​ვს კონკრეტული წინადადებები და ხედვა, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა ნომინირება და დამტკიცება და მეორე მხრივ, აზრს ვერ ვხედავთ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობაში, საბჭოს არსებული შემადგენლობის პირობებში. მათი სრული არის კლანის წევრი. ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებას აღნიშნული კლანი ირგებს საკუთარ თავზე, მათ შორის, გადაწყვეტილებებს იღებს კანონის გვერდის ავლით.

ფორმატი, რომელიც  შემოგვთავაზეს ამ პრობლემების განსახილველად, არის ფორმატი, რომელშიც, ერთი მხრივ, კლანი სრული შემადგენლობით და მეორე მხრივ, კლანის აქ​ტიური მოკავშირეები საქართველოს პარლამენტში, რომლებიც მხარს უჭერდნენ კლანის მიერ ნომინირებულ სიას, ერთად იყრიან თავს. ამ შეკრებაზე ფაქტობრივად არანაირი საშუალება არ გვეძლევა არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და დარწმუნებული ვარ, არც ოპოზიციურ პარტიებს, საკუთარი ხმა ვაქ​ციოთ კონკრეტული შედეგის მომტანად. 

ჩვენ გვინდა, რომ საპარლამენტო ფრაქციებს (და შეთავაზება არ ეხებოდა მხოლოდ ოპოზიციურ ფრაქციებს), გავაცნოთ ჩვენი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით - პროცედურებთან და კრიტერიუმებთან, რატომ არ ვიღებთ მონაწილეობას 27 იანვრის შეხვედრაში და სხვა და მათაც ეს არგუმენტები გაითვალისწინონ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების და დაგეგმვის დროს, იმიტომ რომ ერთიანი მოქ​მედება, გარკვეულ საერთო პრინციპებზე შეთანხმება პროცესს დაეხმარება, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნას შედეგი, რომელიც გამორიცხავს კლანის ბატონობას, მათ შორის უზენაეს სასამართლოში", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 


"ვთანხმდებით, რომ სრულად დისკრედიტირებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს შემადგენლობა, შესაბამისად, ეს შემადგენლობა უნდა დაიშალოს. იმ ადამიანებმა, რომლებმაც უზრუნველყვეს სასამართლო სისტემის მორჩილება პოლიტიკური ხელისუფლებისადმი, როგორც ივანიშვლის, ისე წინა ხელისუფლებისადმი, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

სწორედ საბჭოს დაშლის შემდეგ არის დასაწყები მსჯელობა იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომელიც გვჭირდება უზენაესი სასმართლოს მოსამართლეთა შესარჩევად. 

27 იანვრის სამუშაო ჯგუფში ევროპული საქართველო არ იყო წარმოდგენილი. ახლა ამ ჯგუფის წინაშე უნდა დავაყენოთ საკითხი, რომ ამ ფორმით ეს ჯგუფი არ შეიძლება იყოს ქმედითი. არ შეიძლება მთელი იუსტიციის საბჭო იყოს წარმოდგენილი ჯგუფში", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

27 იანვარს კი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებზე სამსჯელოდ სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნა, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიწვიეს, თუმცა, მათ ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვესდა მის პარალელურად საპროტესტო აქციაც დააანონსეს.

კომენტარები