დავით სერგეენკო

სერგეენკო: სისხლის ბანკი ცდილობს უბედური შემთხვევა მარკეტინგისთვის გამოიყენოს

ტაბულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ იაშვილის კლინიკაში არსებული სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით გუშინ კლინიკებს 8 პაციენტმა მიმართა, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა:

"საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სიხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.

ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის." თქვა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა. დაიღუპა 4 და დაშავდა 8 ადამიანი. საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები