ჯვრის მონასტერი

"საჭიროა უფრო ცივილური გარემო" - ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა ორშაბათამდე შეჩერდა

ორშაბათამდე მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა შეჩერდა. გარემობაჭრეებმა ეს გადაწყვეტილება მცხეთის მერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მათ ან ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოუწყოს სავაჭრო დახლები, ან ალტერნატიული ფართები შესთავაზოს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ 21 იანვრამდე დაელოდებიან პასუხს, სად განთავსდება დახლები. 

"ვემორჩილებით ჯერ მერიას, მერია როგორც გადაწყვეტს, რასაც გვეტყვის, ისე მოვიქცევით" - ამბობს ერთერთი გარემოვაჭრე. კითხვაზე, თუ მერია გადაწყვეტს, რომ საერთოდ არ უნდა ივაჭრონ, ის აღნიშნავს, რომ "არ არის გამორიცხული, დავემორჩილოთ".

მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის თქმით, ელოდება გადაწყვეტილებას, განთავსება თუ არა სავაჭრო დახლები ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"მათი სურვილიც არის და ჩემიც, რომ იქ მოეწყოს უფრო შესაფერისი გარემო გარემოვაჭრეებისთვის, უფრო ცივილურ გარემოში შეძლონ მათ ვაჭრობა და ამის მომხრე ვარ. სამაგისოდ გაკეთებული გვაქვს დახლები, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის ეზოში გვაქვს ჯერჯერობით და ველოდებით გადაწყვეტილებას, როგორც კი გვეტყვიან, როგორც კი მიგვითითებენ, აუცილებლად იმ დღესვე მოვახდენ მე რეაგირებას, გავუწევ ორგანიზებას და ავიტანთ, დავამონტაჟებთ, დავაყენებთ ამ დახლებს" - ამბობს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის მანძილზე, მცხეთის ჯვრის მონასტერი ჩაკეტილი იყო. ტაძარში მომლოცველებს და დამთვალიერებლებს არ უშვებდნენ. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო, მიზეზად კი, გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღებოდა, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებდნენ. მოვაჭრეების მტკიცებით, სასულიერო პირს ვაჭრობა აქ თავად სურს.

ჯვრის მონასტრის დაკეტვას გუშინ გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, "გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი".

საქართველოს საპატრიარქომ მიმართავ ხელისუფლებას და "პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს", გადადგას ქმედითი ნაბიჯები, "რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას". ამაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თქვა - "გარწმუნებთ, ძალიან კონსტრუქციულად და მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“.

მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს გაიხსნა. მცხეთის მერის თქმით, მან ეს დაპირება გუშინ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ტელეფონით საუბრის დროს მიიღო.

კომენტარები