ჯვრის მონასტერი

გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვაზე: ძალიან მალე და კონსტრუქციულად მოვაგვარებთ ამ პრობლემას

ტაბულა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დარწმუნებულია, რომ ჯვრის მონასტრის ჭიშკარი ძალიან მალე გაიხსნება. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის შემდეგაც, ვითარება მოწესრიგდება.

"სანამ ეს შედარებით დიდი პროექტი გაკეთდება, პირველადი მოწესრიგებისთვის, ამ შემთხვევაში, უფრო დიდი როლი ენიჭება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ვიდრე ეს შეიძლება სამინისტროს ენიჭებოდეს. თუმცა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ პრობლემისთვის თავის არიდებას. ჩვენი მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ჩართული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო...  

დარწმუნებული ვარ, ძეგლის ჭიშკარი გაიხსნება და არც ტურისტებს, არც მომლოცველებს პრობლემა არ ექნებათ, რომ შეაღწიონ ტერიტორიაზე. გარწმუნებთ, ძალიან კონსტრუქციულად და მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, - თქვა გიორგაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ცნობისთვის, სამი დღეა, ჯვრის მონასტერი ტურისტებისთვის ჩაკეტილია. იქ მომლოცველებს და დამთვალიერებლებს არ უშვებენ. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. 

მიზეზად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. მოვაჭრეების მტკიცებით, სასულიერო პირს ვაჭრობა აქ თავად სურს.

ჯვრის მონასტრის დაკეტვას გუშინ გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, "გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი".

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას და პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, "ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას".

კომენტარები