ჯვრის მონასტერი

ბესელია: ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს

ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი, რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი. 1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს, როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია. 

რამდენი ხანია, ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა... უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია, კანონი ირღვევა, გარევაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ ხდება ამ ადგილას ვაჭრობა.

არ ვიცი, ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება... მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბერნატორს კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება - ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია, სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი , ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია ჯვრის მონასტრის ჩაკეტვაზე. ეს გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. მონასტერში სამი დღეა მომლოცველებს და დამთვალიერებლებს არ უშვებენ. მიზეზად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ საკითხზე განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი".

კომენტარები