დონალდ ტრამპი

ტრამპი: ობამამ სახლის გარშემო 3-მეტრიანი კედელი აიშენა, სწორია, აშშ-საც ეს სჭირდება

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სახლის გარშემო კედელი აქვს აშენებული და აშშ-საც სწორედ ეს სჭირდება:

"პრეზიდენტმა და ქალბატონმა ობამამ ვაშინგტონში საკუთარი სახლის გარშემო 3 მეტრიანი კედელი ააგეს. ვეთანხმები, აუცილებელია მათი უსაფრთხოებისათის. აშშ-საც მსგავსი რამ სჭირდება, ოდნავ უფრო დიდი ვერსია!"

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტში კედლის მშენებლობის გათვალისწინებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო აშშ-ის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა, რის გამოც მთავრობა ნაწილობრივ დახურულია.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პროექტს, რომელიც სენატმა დაამტკიცა, დროებით ხარჯებს მოიცავს და ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადას თებერვლამდე გადაწევს, ხელს არ მოაწერს, რადგან ის სასაზღვრო კედლის ხარჯებს არ მოიცავს.

ამის შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის ხარჯებს, 5 მილიარდ აშშ დოლარსაც მოიცავს, თუმცა, სენატმა მას მხარი არ დაუჭირა.

მიკ მულვანის, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, თქმით, დახურვა შესაძლოა მომავალ წლამდე გაგრძელდეს, როდესაც კონგრესი უფლებამოსილების შესრულებას განახლებული შემადგენლობით შეუდგება.

კომენტარები