"ვითანამშრომლებთ სრულად" - კერზაიას საქმეზე ბაჩანა შენგელია პროკურატურაში გამოკითხეს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.

შენგელიას თქმით, პროკურატურას საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარუდგინა, იმისთვის რომ გამოძიება დაიწყოს. 

"მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, აქვთ მათ სამართლებრივი საფუძველი რომ დაიწყონ გამოძიება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება.შესაბამისად, შესაძლებელია, ძალიან მარტივად ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდეს დამნაშავეები და მიეცნენ პასუხისგებაში. რადგან მივმართეთ, რადგან გამოვცხადდით, გვაქვს გამოძიების იმედი. ჩვენ ვითანამშრომლებთ სრულად და ვფიქრობთ, რომ მათ ყველა საშუალება ექნებათ იმისთვის, რომ წარმართონ გამოძიება სწორი მიმართულებით",- ამბობს ბაჩანა შენგელია. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა, სკოლის დირექტორის შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, შენგელიამ Facebook-ზე ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომელზე დაყრდნობითაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თქმით, სკოლაში სამინისტროს ინსპექტორების ჯგუფი შეუშვეს. 

ბაჩანა შენგელია წერს, რომ წერილი გაყალბებულია და მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო პრაქტიკით არის შესრულებული. 

 

კომენტარები