ტერორიზმი

ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრი: ალ-ქაიდა სამგზავრო თვითმფრინავებზე თავდასხმებს ამზადებს

ბენ უოლესი
Channel4

დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრი გაფრთხილებას ავრცელებს. მისი თქმით ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა ძალებს იკრებს და ევროპაში სამზგავრო თვითმფრინავებზე თავდასხმისათვის ემზადება.

ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-თან ინტერვიუში ბენ უოლესმა თქვა, რომ ალ-ქაიდა თვითმფრინავების ჩამოსაგდება ახალი ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს.

"საფრთხე ნამდვილია. ალ-ქაიდამ რეორგანიზაცია მოახდინა. ისინი მეტ თავდასხმებს ამზადებენ ევროპაზე და ახალ მეთოდებს მიმართავენ. სანამ ISIS-ი ყურადღების ცენტრში იყო, ალ-ქაიდა ჩუმად იჯდა კუთხეში და ცდილობდა გაერკვია როგორ გამოიყურება 21-ე საუკუნე, თუმცა ისინი სცენიდან არ გამქრალან." თქვა მან.

უოლესმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეყილება სირიიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გამოყვანის თაობაზე. მისი თქმით ამ ნაბიჯით ისლამისტებისათვის დასავლეთზე თავდასასხმელად ახალი უსაფრთხო თავსეშაფარი იქმნება.

ტრამპის გადაწყვეტილებას მსგავსი კრიტიკა მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკის სრულად გამოსვლა რეგიონში რუსეთისა და ირანის გავლენას გააძლიერებს. ორივე ქვეყანა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.

"ასეთ დროს აშშ-ის გამოსვლა იქნება დიდი გამარჯვება ISIS-ის, ბაშარ ალ-ასადის და რუსეთისათვის." ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.

გადაწყვეტილება გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც:

"ძალიან ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს სირიის საკითხზე. მოკავშირეობა ნიშნავს მხარდამხარ ბრძოლას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და სამხედრო ძალების მეთაურისათვის. მოკავშირე სანდო უნდა იყოს." თქვა მაკრონმა ჩადში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში სირიის დემოკრატიული ძალების წვლილსაც:

"ყველას მოვუწოდებ არ დაივიწყონ რამხელა ვალში ვართ მათთან." თქვა მან.

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები ძირითადად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მოკავშირესთან, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომელიც ქურთებისა და არაბებისაგან შედგება, ქურთისტანის მუშათა პარტიის დანაყოფად მიიჩნევს და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

ამერიკულ მედიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 14 დეკემბერს დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიიდან ამერიკის ჯარების გაყვანის შესახებ ესაუბრა.

"კარგი, ის მთლიანად შენია. ჩვენ დავასრულეთ." უთხრა ტრამპმა ერდოღანს სატელეფონო საუბრისას.

წყაროების მიხედვით ერდოღანმა ტრამპს უთხრა, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო თითქმის დამარცხებულია, ხოლო რეგიონში აშშ-ის ყოფნა პრობლემებს იწვევს. მათი თქმით ერდოღანი ტრამპს დაჰპირდა, რომ თურქეთი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ბოლოს მოუღებს.

კომენტარები