დანაშაულის შეუტყობინებლობა

სუს: ლაშა გოგიას დანაშაულის შეუტყობინებლობის​თვის ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანი დავაკავეთ

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბ-მ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.",- აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით).

შეგახსენებთ, რომ ზუგ​დიდის ყოფილ მერს და ყოფილ ვიცე-მერს, გია გულორდავას აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეეფარდათ.

გია გულორდავას შვილი, გოგა გულორდავა მამის დაკავების შემდეგ ამბობდა, რომ გამოძიებას ენდობა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია და გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1 ნოემბერს დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.

ლაშა გოგია თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა. გადადგომამდე ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს ლაშა გოგია „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე სუს-ში გამოკითხესლაივპრესის ცნობით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ააიპ-ის საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო. 

ამასთან, ლაივპრესისვე ცნობით, 26 აგვისტოს, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მერს, მათ შორის ლაშა გოგიას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს. მაშინ ლაშა გოგიამ ლაივპრესს უთხრა, რომ ეს ინფორმაცია "აბსურდია".

მანამდე კი სამეგრელოში გუბერნატორი შეიცვალა და ეს პოსტი ალექსანდრე მოწერელიამდაიკავა. ის სამეგრელოში შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარადგინა. 21 აგვისტოს გახარიამ თქვა: 

"გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს. განსაკუთრებით ზუგდიდს და არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები. ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს ერთ რამეს - ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე, სამართლიანობა კი ძირითადი კრიტერიუმი მთელს ამ პროცესში", - თქვა შს მინისტრმა. 

ამის შემდეგ კი გუბერნატორმა მოწერელიამ თქვა, რომ მას შეუძლია, მუნიციპალიტეტების საქმიანობა შეისწავლოს.

"როდესაც კომისია შევა, შეისწავლის სად რა დარღვევაა, იმის მიხედვით, გუბერნატორს შეუძლია შეაჩეროს საკრებულოების უფლებამოსილება", - განაცხადა მოწერელიამ

მაშინ შს მინისტრის და გუბერნატორის ეს განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დატუქსვად და ზეწოლად იქნა აღქმული. 

კომენტარები