დონალდ ტრამპი

CNN: მოსკოვში Trump Tower-ის აშენების განზრახვის დამადასტურებელ დოკუმენტს ტრამპის ხელმოწერა აქვს

CNN

CNN-ის თქმით მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ მოსკოვში ტრამპ თაუერის აშენების განზრახვას ადასტურებს, და მას ტრამპის ხელმოწერა აქვს. დოკუმენტი 2015 წლის 28 ოქტომბრით არის დათარიღებული და მას ხელს რუსული ფირმის I.C. Expert Investment Co.-ს მფლობელი ანდრეი როზოვიც აწერს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი, რუდი ჯულიანი ირწმუნებოდა, რომ მსგავსი დოკუმენტის არსებობის მიუხედავად ტრამპს მასზე ხელი არ მოუწერია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთში დონალდ ტრამპის საკუთრების გარიგების შესახებ კონგრესში მოიტყუა. კოენის თქმით სენატში წერილობითი განცხადება წარადგინა, სადაც მოსკოვში ცათამბჯენის აშენებაზე ტრამპის ორგანიზაციის გეგმების შესახებ მოიტყუა. მან სენატის კომიტეტს უთხრა, რომ პროექტზე მოლაპარაკებები 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის იანვრამდე მიმდინარეობდა, თუმცა სინამდვილეში ის კამპანიის დროს, 2016 წლის ივნისამდე გრძელდებოდა. კოენმა პროექტში საკუთარი ჩართულობის შესახებაც მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეზღუდული კონტაქტი ჰქონდა მასთან.

კოენს წინასაარჩევნო პერიოდში ორი ქალის, რომლებიც ამბობნ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა, გასაჩუმებლად ფულის გადახდის გამო სამწლიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლს და მათ კავშირს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან სპეციალური გამომძიებელი, რობერტ მალერი იძიებს.

კომენტარები