ჩინეთის ეკონომიკური რეფორმებიდან 40 წლისთავზე პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმართვა გაავრცელა.
მისი თქმით ჩინეთი მიუხედავად მისი ეკონომიკური მიღწევებისა, სხვა ქვეყნების ხარჯზე განვითარებას და გლობალურ ჰეგემონიას არ აპირებს, თუმცა არც სხვებს მისცემს უფლებას უკარნახონ როგორ მოიქცნენ.
"არავინ არაა იმ პოზიციაში, რომ ჩინელ ხალხს უკარნახოს არ უნდა გააკეთონ და რა არა." თქვა მან.
სი ძინპინს აშშ-სთან მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირება და გაზრდილი ტარიფები არ უხსენებია.
ეკონომიკური რეფორმები და ბაზრის უცხოური ინვესტიციებისათვის გახსნა დენ სიაოპინის მმართველობის დროს, 1978 წელს დაიწყო და მას შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორე გახდა და ასობით მილიომა ადამიანმა სიღარიბეს თავი დააღწია. სი ძინპინმა რეფორმებს "ძველი ბორკილებისაგან" თავის დაღწევა უწოდა და თქვა, რომ უკანასკნელი 40 წელი "ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმისათვის უზარმაზარი ნახტომი" იყო.
მიუხედავად ამისა, უკანასკნელ პერიოდში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შეფერხდა და ვალი გაიზარდა. უცვლელია ერთპარტიული სისტემა და კომუნისტური პარტიის ერთპიროვნული მმართველობაც. ქვეყანას მკაცრად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რეჟიმის კრიტიკოსების გაქრობის და დაპატიმრების გამო, უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით სინძიანის პროვინციაში მუსლიმების და ეთნიკურად უიღურების დაპატიმრების და ე.წ. "საგანმანათლებლო ცენტრებში" იძულებით განთავსების გამო. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კუნძულების მილიტარიზაციის გამო მეზობელი ქვეყნები ჩინეთს რეგიონზე ძალაუფლების გავრცელების მცდელობაში ადანაშაულებენ.
გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ სი ძინპინის სახელი და იდეოლოგია ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა და ამით ის მაო ძედუნის დონემდე აიყვანა.





