დავით კირკიტაძის დაკავება

ბოკერია კირკიტაძის დაკავებაზე: ეს ივანიშვილის რეჟიმის უტიფარი გზავნილია ოპოზიციის მიმართ

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრის, დავით კირკიტაძის, დაკავებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ შეიყვანონ ქვეყანა "კიდევ უფრო ღრმა კრიზისში".

"დავით კირკიტაძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოო ჯამში ამ სამარცხვინო და უკანონო პოლიტიკას გადაყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექნება ჩვენი ქვეყნის არამარტო დემოკრატიის, არამედ ნორმალური განვითარებისა და სტაბილურობის პერსპექტივას და ეს არის დიდი პრობლემა,"- თქვა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერიას თქმით, დავით კირკიტაძის დაკავება მხოლოდ კირკიტაძესა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ ეხება. მისი თქმით, აქ საუბარი არ არის იმაზე, ვის აქვს პოლიტიკური სიმპათია ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ, რადგან ევროპული საქართველო თავიდანვე არ შეუერთდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას თელავში. 

"აქ საუბარია იმაზე, რამდენად შორს წავა ივანიშვილის რეჟიმი ზოგადად ქვეყნის ჩიხში შეყვანაში, ჩვენი კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვაში, არჩევნების გაყალბებაში, ძალადობაში, კანონის უზენაესობის გათელვაში, შერჩევით სამართალში. ეს არის საკითხი, რასაც ჩვენი ქვეყანა ღრმა კრიზისში შეჰყავს. კირკიტაძის დაკავება ამ ვითარებაში არ ეხება მხოლოდ კირკიტაძეს, ეხება ყველა ჩვენს მოქალაქეს. ეს ეხება მთლიანად პოლიტიკური სპექტრის და ამ შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრისთვის გამოგზავნილ უტიფარ გზავნილს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომ ძალადობაზე, უკანონობასა და არაკონსტიტუციურ ქმედებებზე ლიცენზია აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებს, ვინ დაკავშირებულია ივანიშვილის რეჟიმთან, ხოლო სხვა შემთხვევაში, ოპოზიციას, შესაძლოა, დაუწესონ 30-კილომეტრიანი არეალი, რათა მათ ვერ განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ამ უკანონო ბრძანების შესრულების დროს პოლიციელებთან მომხდარი ნებისმიერი ინციდენტისას ოპოზიციური ფიგურების დაკავება მოხდება ერთ დღეში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, ევროპულ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოკლე გზავნილი აქვს, რომ ისინი ძალიან სახიფაო გზაზე დგანან საკუთარი თავისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ქვეყნისთვისაც. 

"ამ პირობებში დავით კირკიტაძის ციხეში დატოვება იქნება ამ ძალიან რთული ვითარების ხარისხობრივად კიდევ უფრო მეტად გართულება და უცნობ, ძალიან სახიფათო გზაზე ქვეყნის დაყენება. ამიტომ, ჩვენი ძალიან მკაფიო მოწოდებაა ამ ხელისუფლებისთვის, რომელმაც უკვე უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და გუშინ და დღეს ეს ზიანი კიდევ უფრო გააღრმავა - არ გადადგათ ეს ნაბიჯი. არ გადადგათ ეს ნაბიჯი თქვენი ინტერესების გამო, პირველ რიგში, თქვენი პერსონალური პოლიტიკური მომავლის გამო და ქვეყნის გამოც, თუკი შეგრჩენიათ საღი აზრის ნატამალი," - თქვა ბოკერიამ ბრიფინგზე. 

დავით კირკიტაძე დღეს, 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას, ინფორმაციით, ენმ-ის ლიდერები იქ დაშავებული აქტივისტის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. 

"საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა. ვიბრძოლებთ ბოლომდე. აი, ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული", - თქვა კირკიტაძემ დაკავების დროს რუსთავი 2-თან, რომელმაც კადრები პირდაპირ ეთერში გაავრცელა.

მუხლი, რომლითაც კირკიტაძის მიმართ საქმეა აღძრული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. მისივე თქმით, მოქმედებები დღეიდან დაიწყება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: გუშინ თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები