ISIS

უნივერსიტეტის პროფესორმა ISIS-ის ტერიტორიიდან სტუდენტის გამოსაყვანად ჯარისკაცები დაიქირავა

telegraph.co.uk

ლუნდის უნივერსიტეტმა კერძო სამხედრო კომპანია ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დოქტორანტურის სტუდენტისა და მისი ოჯახის გამოსაყვანად დაიქირავა.

შარლოტა ტერნერმა, ანალიტიკური ქიმიის პროფესორმა, თავისი სტუდენტისგან ფირას ჯუმააჰისგან 2014 წელს შეტყობინება მიიღო. სტუდენტი მას წერდა, რომ ვერ მოახერხებდა თეზისის დასრულებას, თუ არ დაბრუნდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.

სტუდენტი ასევე იწერებოდა, რომ ის, თავის იეზიდ ოჯახთან ერთად ერთ-ერთ მიტოვებულ ქარხანაში იმალებოდა და გარედან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების სროლების ხმა ესმოდა.

“მე მაშინ არანაირი იმედი არ მქონდა. სასოწარკვეთილი ვიყავი.  უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი ზედამხედველისთვის მეთქვა, რა ხდებოდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ პროფესორს რაიმეს გაკეთება შეეძლო” - ყვება ჯუმააჰი ლუნდის უნივერსიტეტის ჟურნალთან ინტერვიუში.

თუმცა პროფესორ ტერნერს არ სურდა, რომ ჯუმააჰს კვლევა დაუსრულებელი დარჩენოდა.

“ის რაც ხდებოდა, ყოვლად მიუღებელი იყო. მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რომ ისლამურ სახელმწიფო ჩვენს სამყაროში შემოიჭრა, ჩემი დოქტორანტურის სტუდენტი საფრთხეში ჩააგდო და მისი კვლევა შეაჩერა” - ამბობს პროფესორი.

პროფესორი დაუკავშირდა ზემდგომ პირებს, მათ შორის, უნივერსიტეტის უსაფრთხოების უფროსს, პერ გუსტაფსონი და გაარკვია, თუ რისი გაკეთება შეეძლო მას.

“ჩემმა უფროსმა მწვანე შუქი ამინთო და მითხრა ‘უბრალოდ გააკეთე ეს’...უსაფრთხოების უფროსი თითქოს ასეთ მისიას ელოდებოდა. მან მითხრა, რომ ჩვენ შეთანხმება გვქონდა ტრანსპორტისა და უსაფრთხოების კომპანიასთან, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. ” - ყვება შარლოტა.

რამდენიმე დღიანი ინტენსიური მოქმედებების შემდეგ, გუსტაფსონმა უსაფრთხოების კომპანია დაიქირავა, რომელმაც ჯუმააჰის გამოყვანის ოპერაცია დაგეგმა. მალევე, ორი ტოიოტა ლენდ კრუიზერი, 4 მძიმედ შეიარაღებული ჯარისკაცით იმ ტერიტორიაზე შევიდა, სადაც ჯუმააჰი იმალებოდა.

მათ მოახერხოს ჯუმააჰის, მისი ცოლისა და ორი შვილის ერბილის აეროპორტში გადაყვანა.

“არასდროს მიგრძვნია თავი ასე პრივილეგირებულად, თუმცა ამავე დროს, ლაჩრად, რადგან ჩემს უკან დედაჩემი და დები დავტოვე” - ამბობს ჯუმააჰი.

ჯუმააჰის ოჯახი იეზიდური რელიგიის მიმდევარია, რომელიც ისლამურ სახელმწიფოში იდევნება. საბოლოოდ, ჯუმააჰის ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც მოახერხეს გადარჩენა, ხოლო ჯუმააჰი შვედეთში დაბრუნდა სადოქტორო ნაშრომის დასასრულებლად. ის ახლა ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს.

“ეს იყო უნიკალური შემთხვევა. რამდენადაც მე ვიცი, არც ერთ უნივერსიტეტს არ მიუღია მსგავს ქმედებაში მონაწილეობა” - ამბობს გუსტაფსონი.

კომენტარები