აქცია კახეთში

შსს: სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაიკითხება კირკიტაძეც

შსს

ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძის თქმით, მის სახლთან დღეს დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული და მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მან ადვოკატს და პრესას დაურეკა.

"ჩემს სახლთან დილიდან პოლიცია იყო მობილზებული. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდებოდა. მას შემდეგ, რაც დავურეკე ადვოკატს და პრესას, 20 წუთი აბრახუნებდნენ კარებზე და შემდეგ დატოვეს ეზოც და სადაბრბაზოც. ეს გავს შეშინებული მთავრობის ნაბიჯს. მათ გადაწყვიტეს ასე ეურთიერთონ ხალხს და ოპოზიციას, ვერ გაიგეს ხალხის პროტესტი. მათ თუ გონიათ, რომ ასეთი ქმედებებით რამეს მიაღწევენ ძალიან ცდებიან. თუ ვინმე გუშინ ახორციელებდა ძალადობას, თუ ვინმე გვესხმოდა თავს ეს იყო შს სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენ არავის თავს არ დავსხმივართ. ჩვენ მათ პირველივე მითითებაზე, რომ გომბორის გადასასვლელი იყო ჩაკეტილი გავეშურეთ სხვა გზით თელავისკენ, შემდგომ იცით როგორც განვითარდა მოვლენები და პირიქით, თუ ვინმე იყო გუშინ გასული კანონიდან ეს იყო შს სამინისტროა." - ამბობს კირკიტაძე.

ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებენ და ვერც უკან დახევას გვაიძულებენ. ახლა გადავალ უახლოეს განყოფილებაში და გავიგებ, რას უკავშირდებოდა ეს მობილიზება.“ - თქვა კირკიტაძემ.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს გუშინ ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოძიების ფარგლებში დავით კირკიტაძესაც დაკითხავენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება." - ამბობენ უწყებაში. 

გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. მისივე თქმით, მოქმედებები დღეიდან დაიწყება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: გუშინ თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები