აქცია კახეთში

სიღნაღში აქციის მონაწილე ამბობს, რომ საკრებულოს "ოცნების" დეპუტატმა ხელი დაარტყა

მთავარი არხი

კახეთში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ სიღნაღის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ილია ბაიდოშვილმა ხელი დაარტყა.

ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრი სხვა თანამოაზრეებთან სოფელ ბოდბისხევის ბაზართან აქციას და შეხვედრას მართავდა, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერებიც მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აქციის მონაწილე ამბობს, რომ დეპუტატმა პლაკატი დაუხია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალს პარლამენტის წევრ ირაკლი შიოლაშვილის საწინააღმდეგო პლაკატი ჰქონდა. სიღნაღის მაჟორიტარი შიოლაშვილი ერთ-ერთია, რომელმაც პროპორციულ სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. პლაკატზე მისი სახე იყო გადახაზული და ეწერა "კახეთის ფეოდალი შიოლაშვილი".

"ხელი დამარტყა, თმებით მომქაჩა, პოლიციელებმა ძლივს გამოგლიჯეს ჩემი თავი ხელიდან", - ამბობს აქციის მონაწილე მთავარ არხთან.


ფოტო: მთავარი არხი

ბოდბისხევის ბაზარში იმყოფებოდა ალეკო ელისაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ქალაქის შესასვლელში ქართული ოცნების წევრები დახვდნენ და ცდილობდნენ არ შეეშვათ, თუმცა ისინი ბაზარში მაინც მივიდნენ. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ დაიწყო "წურბელა მაჟორიტარების" მხილების კამპანია

"შემოსასვლელში დაგვხვდნენ ქართული ოცნების დეპუტატები, საკრებულოს წევრები, პროვოკატორები, რომლებმაც ჩვენი თელავის ოფისის წარმომადგენელს, გოგოლაშვილს, გოგოს, ხელითაც შეეხნენ. მოაწყვეს პროვოკაცია, უნდოდათ არ შემოვეშვით ბაზარში, მაგრამ როგორც ხედავთ, ბაზარში ვართ და ხალხსაც ველაპარაკებით. სანამ ეს წურბელა მაჟორიტარები არ მოშორდებიან პარლამენტს, ეს ქვეყანა დარჩება სიღატაკეში. აი ამ მხილებისთვის ვართ აქ ჩამოსულები. ეს არის მხილების კამპანია, წურბელა მაჟორიტარების მხილების კამპანია. ვერანაირი ოცნების დეპუტატები და ვითომ ძველი ბიჭები ვერ გაგვაჩერებენ", - ამბობს ელისაშვილი მთავარ არხთან.

კომენტარები