საქართველო-ირანი

თბილისში ირანელი ბიზნესმენები არ შემოუშვეს, რის გამოც კონფერენცია ჩაიშალა

2018 წლის 14 დეკემბერს ორგანიზაციის - "ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში" დაგეგმილი კონფერენცია გადაიდო.  

"ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში"-ს პრეზიდენტის მოჰამმად ხალეყის ინფორმაციით, კონფერენციის გადადების მიზეზი ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე გახშირებული უარი გახდა.

"14 დეკემბრის კონფერენციისთვის ირანიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ ირანელი ინვესტორები კონკრეტული საინვესტიციო გეგმებით და მიზნებით. მათგან ორი ბიზნესმენი გუშინ, 11 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. მოგეხსენებათ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ოფიციალურად მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, ვიდრე არსებული გაუგებრობა არ გაირკვევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი ინფორმაციით, კონფერენციას ვერ დაესწრებოდა საქართველოში ირანის ელჩი ბატონი აბას თალები-ფარი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ კონფერენცია და დაველოდოთ, ორი ქვეყნის ოფიციალურ უწყებებს", - ამბობს კავშირის პრეზიდენტი.

10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ირანი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

ამის მიზეზი ირანის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოშვების გახშირებული ფაქტები გახდა. 

Tansim News Agency-ის ინფორმაციით, თეირანმა სიტუაციის ახსნა მოითხოვა და ქასემსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ იოსებ ჩახვაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 10 დეკემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ "ეს მხოლოდ სპეკულაციებია" და ამასთან დაკავშირებით "ერთობლივი ღონისძიებები" ჩატარდება. 

"ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ასევე გვქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს მოადგილეს ირანის ელჩთან და მიმდინარეობს ამ საკითხების განხილვა. ირანული მხარისგან განსხვავებული ინფორმაცია გვქონდა ჩვენ, იგივე რაოდენობასთან დაკავშირებით. მონაცემები შევადარეთ და დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა გაუგებრობა რაც არსებობს, ამ ყველა გაუგებრობაზე ჩვენ გვქონდეს შესაბამისი პასუხი", - აღნიშნა ზალკანიანმა. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, თუ რატომ არ შემოუშვეს ირანელი ბიზნესმენები ქვეყანაში. თუმცა, ამ საკითზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. 

ცნობისთვის, საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2345-მდე მოქალაქეს ეთქვა. 

მხოლოდ ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი. 

 

კომენტარები