დონალდ ტრამპი

კრისტიან ბეილი ყვება, რომ ტრამპს ის ბეტმენის პერსონაჟი, ნამდვილი ბრიუს უეინი ეგონა

კადრი კრისტოფერ ნოლანის ტრილოგიიდან "ბნელი რაინდი"

რა რეაქცია გექნებოდათ, ერთ მშვენიერ დღეს მსახიობ კრისტიან ბეილის პირისპირ რომ შეხვედროდით, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც მისი პერსონაჟი ფილმში "ბნელი რაინდი"? სწორედ ეს დაემართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ბეილი მომავალი პრეზიდენტის რეაქციამ ძალიან გაართო. 

ფილმის "Vice" პრემიერის დროს, რომელშიც კრისტიან ბეილი აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, დიკ ჩენის, როლს ასრულებს, მსახიობმა Variety-ისთან საუბრისას გაიხსენა, რომ ის ტრამპს 2011 წელს შეხვდა, როდესაც ტრამპთაუერზე ფილმის "ბნელი რაინდის აღზევება" ერთერთ სცენას იღებდნენ. 

"მე მას ერთხელ შევხვდი, ჩვენ "ბეტმენს" ვიღებდით ტრამპთაუერზე. ის ჩემთან მოვიდა და თავის ოფისში მიმიწვია. ვფიქრობ, მას ბრიუს უეინი (ბეტმენის პერსონაჟი) ვეგონე, რადგან ისე მეცვა, როგორც ბრიუს უეინს. ასე რომ, ის ისე მელაპარაკებოდა, როგორც ბრიუს უეინს და მეც ბოლომდე ავყევი. ძალიან გავერთე. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ის ოდესმე პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს,"- თქვა მსახიობმა Variety-ისთან საუბრისას. 

მან ასევე დაამატა, რომ ფილმ Vice-ში მოთხრობილი ისტორია, რომელიც ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში ჩენის ძლევამოსილ როლს ეხება, იმის ნაწილია, თუ როგორ მივიდა ქვეყანა იქამდე, რომ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აერჩიათ. 

სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან ინტერვიუსას, ბეილმა არ გასცა პასუხი კითხვას, ვის უნდა ეთამაშა, მისი აზრით, დონალდ ტრამპის როლი. 

კომენტარები