უკრაინის მოქალაქეების დაკავება

გახარია დაკავებულ უკრაინელებზე: არსებობს ეჭვი მათ კავშირზე ოპოზიციის აქციასთან

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ არსებობს ეჭვი, რომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ოპოზიციის აქციასთან კავშირი ჰქონდათ. 

გახარია ამბობს, რომ ასეთი ეჭვის საფუძველს მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიც იწვევს. 

"ასეთი ეჭვები არსებობს, მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროსაც, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს დღეს მხოლოდ ეჭვია. დღეს გვაქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, სად მიგვიყვანს ეს გამოძიება ვნახავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აქედან გამომდინარე და ამ პოლიტიკური პროცესების სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად ვზომავთ. გამოძიების პროცესში ვართ და როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება, პირველი თქვენ გაიგებთ," - ამბობს შს მინისტრი. 

2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედებათ. 

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ბრალის წარდგენის ოქმს ხელმოწერის ნაცვლად "Слава Україні" დააწერეს. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებული უკრაინელები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იყვნენ ჩამოსულები და ამოღებული ნივთმტკიცება მათ ჩაუდეს.

ხელისუფლება და სამთავრობო უწყებები ცდილობენ, დაკავებულებსა და რუსთაველზე გამართულ ოპოზიციურ აქციას შორის კავშირი იპოვონ.

პროსამთავრობო მედია ამ ეჭვს საფუძვლად უდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის მოქალაქეების დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე რადას ოპოზიციონერი დეპუტატი სემენ სემენჩენკო, რომელიც დაკავებულებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა, პოლონეთში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. 

სემენჩენკომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ აქციის მონაწილეებს ოპოზიციასთან და მათ მიერ გამართულ აქციასთან საერთო არ ჰქონიათ.

"არანაირი "მიხომაიდანი" ამ წუთებში საქართველოში არ არის - მხოლოდ ერთი საპროტესტო აქცია ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამ აქციასთან დაკავებულ უკრაინელებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ და არცერთხელ არ ყოფილან იქ,"- წერს სემენჩენკო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე,"- წერდა რადას დეპუტატი, 

კომენტარები