უკრაინის მოქალაქეების დაკავება

შსს: ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე

რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო გურუსა და ალიანსში, სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. თავდაპირველად, შსს ამბობდა, რომ შვიდივე დაკავებული უკრაინის მოქალაქე იყო. 

"დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არის თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია" - აცხადებს შსს.

დილით მედიაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ბატალიონ დონბასის წევრი ლუკა ჩხეტიაა. ის ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ქალაქ დონბასში იბრძოდა. შსს-ს გავრცელებული განცხადებით, საქართველოს დაკავებული მოქალაქის ინიციალები "ლ.ჩ" ამ ინფორმაციას ემთხვევა.

კომენტარები