უკრაინის მოქალაქეების დაკავება

ბირიუკოვი: დაკავებულ უკრაინელებთან ერთად რადას წევრიც იყო, რომელიც ბოლო წამს გაიქცა

იური ბირიუკოვი

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, მრჩეველი იური ბირიუკოვი აცხადებს, რომ რადას დეპუტატი სემენ სემენჩენკო თბილისში დაკავებულ უკრაინელებთან ერთად იმყოფებოდა, ბოლო წამს კი ისინი მიატოვა. 

"მე ბევრი სხვადასხვანაირი კონტაქტი მაქვს, ისინი მიდასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სემენჩენკო თბილისშია, რომ სემენჩენკომ გაგვხვია ამ დიპლომატიურ სკანდალში, რომ სემენჩენკომ "თავის" ხალხს ეს ყველაფერი მოუწყო და ბოლო წუთს გაიქცა. ხვალ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჭვრის გამო ჩვენს დიპლომატებს მოსთხოვს პასუხს, რადგან ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სწორედ სემენჩენკო იყო უკრაინის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საქართველოში,"- წერს ბირიუკოვი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის რადას დეპუტატი, პარტია "სამოპომაშიდან", სემენ სემენჩენკო გამოეხმაურა. სემენჩენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ თბილისში უკრაინელების დაკავებას ბევრი ყალბი ინფორმაციის გავრცელება მოყვა და ამ მხრივ "განსაკუთრებულად ცდილობს პოროშენკოს მრჩეველი ბირიუკოვი", თუმცა დამატებითი კომენტარი ბირიუკოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მას არ გაუკეთებია. 

გუშინ, 2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "გურუსა და ალიანსში", სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომელიც თავდაპირველად გაკეთებულ განცხადებაში ამბობდა, რომ შვიდივე დაკავებული უკრაინის მოქალაქე იყო.

შსს-ის ცნობით, სასტუმროს ჩხრეკისას უწყებას ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ამოიღო.  

"ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არის თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია" - წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები