უკრაინის მოქალაქეების დაკავება

ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულ 6 უკრაინელსა და ერთ ქართველს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურა

2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულ უკრაინის 6 მოქალაქესა და საქართველოს ერთ მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

უწყება მათ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. 

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ბრალის წარდგენის დოკუმენტს ხელმოწერის ნაცვლად, "Слава Україні" დააწერეს. 

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ პირები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, დაკავებამდე უკრაინელებს უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, სამართალდამცველები არიან. 

"არ ეთანხმებიან ბრალს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები ჩაუდეს და მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება. თვითონაც გაოგნებულები არიან, ვინაიდან სხვა მიზნებით, ტურისტული მიზნებით იყვნენ ჩამოსულები. ერთერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, მეორეს, ასე ვთქვათ, ქართული ფესვები აქვს. აქ თავისი წინაპრების ნახვა უნდოდა,"- ამბობს ადვოკატი ვიტალი მირზოევი. 

2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "გურუსა და ალიანსში", სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომელიც თავდაპირველად გაკეთებულ განცხადებაში ამბობდა, რომ შვიდივე დაკავებული უკრაინის მოქალაქე იყო.

შსს-ის ცნობით, სასტუმროს ჩხრეკისას უწყებას ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ამოიღო.  

კომენტარები