უკრაინის მოქალაქეების დაკავება

რადას წევრი: თბილისში დაკავებულ უკრაინელებს ოპოზიციის აქციასთან საერთო არ ჰქონიათ

სემენ სემენჩენკო
UNIAN

უკრაინის რადას დეპუტატი პარტია "სამოპომაშიდან" სემენ სემენჩენკო 2 დეკემბერს თბილისში უკრაინის მოქალაქეების დაკავების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებულები გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე იყვნენ ან აპირებდნენ იქ წასვლას, არასწორია. 

"რამდენიმე ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. პირველი, თითქოს უკრაინის მოქალაქეები "ადგილობრივ მიხომაიდანზე" დააკავეს, ან ისინი "აპირებდნენ აქციაზე წასვლას". როგორც წესი, ამ ინფორმაციის გავრცელებისას რუსთავი 2-ს ეყრდნობიან. ინფორმაცია ყალბია. რუსთავი 2-ს საქართველოს მოქალაქის, ლუკა ჩხეტიას, მშობლების ციტატა მოჰყვას იმის შესახებ, რომ ის (!) "აპირებდა ოპოზიციის აქციაზე წასვლას". არანაირი "მიხომაიდანი" ამ წუთებში საქართველოში არ არის - მხოლოდ ერთი საპროტესტო აქცია ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამ აქციასთან დაკავებულ უკრაინელებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ და არცერთხელ არ ყოფილან იქ,"- წერს სემენჩენკო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

რადას დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ უკრაინელები არც იარაღის შეძენისას არ დაუკავებიათ. 

"ეს ინფორმაციაც ყალბია - ისინი სასტუმროში დააკავეს, ხოლო დაკავების შემდეგ, ადვოკატების თქმით, ერთერთს ვაზნა აღმოუჩინეს, მეორეს პისტოლეტი, მესამეს ისევ ვაზნა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თავად უკრაინელებს და მათი ადვოკატების მონაყოლს უნდა ვენდოთ,"- წერს დეპუტატი. 

გუშინ, 2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "გურუსა და ალიანსში", სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომელიც თავდაპირველად გაკეთებულ განცხადებაში ამბობდა, რომ შვიდივე დაკავებული უკრაინის მოქალაქე იყო.

შსს-ის ცნობით, სასტუმროს ჩხრეკისას უწყებას ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ამოიღო.  

"ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არის თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია" - წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები