ინფლაცია

ნოემბერში ბოსტნეულის, ბაღჩეულის, რძის, ყველის, კვერცხის, თევზის და ხორცის ფასი გაიზარდა

Reuters

საქართველო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ავეჯსა და სახლის მოვლაზე, ასევე, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე.

კერძოდ:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4%-იანი მატება, რაც 0.41 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.7%), რძე, ყველი და კვერცხი (3.3%), თევზეული (2.1%), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.8%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-8.3%);
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 1.8 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3.8%);
  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაიზარდა 2%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (4.6%).

საქსტატის მონაცემებით, ფასების ამ ცვლილებამ გავლენა იქონია ინფლაციის თვიურ მაჩვენებელზე, რომელმაც ნოემბერში 0.7% შეადგინა.

გარდა ამისა, ფასები გაიზრდა ტრანსპორტზე, ჯანდაცვაზე, კომუნალურ მომსახურებაზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე, რამაც გავლენა იქონია ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე - ნოემბერში ინფლაცია 1.9% იყო.

  • ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.8%-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.2%);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5.5%-ით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7%) და საავადმყოფოების მომსახურება (2.5%);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4.6%-ით, რაც 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8.5%);
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3.6%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7.7%), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3.5%), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2.2%) ქვეჯგუფებზე.

კომენტარები