თბილისის მერია

კალაძე: 2020 წლიდან ახალი სტანდარტის დამატებით 200 ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს

თბილისის მერია

კახა კალაძის თქმით, 2020 წლიდან თბილისში დამატებით, ახალი სტანდარტის 200 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება. 

ამის შესახებ მან საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე თქვა.

კალაძის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის დაბინძურების მკვეთრი შემცირება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მოგვარება, განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გვაქვს გადადგმული. არსებული ავტობუსების პარკი მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება. უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა. ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა და გამარჯვებული კომპანია მალე გამოვლინდება. 2019 წელს ვამზადებთ ტენდერს 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. როგორც დაგპირდით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების შესყიდვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული“, - თქვა კახა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მერია საერთო ჯამში 750 ერთეული ავტობუსს შეიძენს, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.

ასევე, კალაძის თქმით, 2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს; ეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება; სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით, მგზავრობის დროს შეამცირებს.

"უკვე გვაქვს კონკრეტული ქუჩები - შარტავა-კოსტავას მონაკვეთები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ მიმართულებით, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და მტკვარი შესაბამისად გამოვიყენოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

კომენტარები