დონალდ ტრამპი

ტრამპი ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებზე: არ მოგვწონს, რაც ხდება

დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ უკრაინის ხომალდების დატყვევებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ არც ერთი კუთხით არ მოგვწონს ის, რაც ხდება. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. [ევროპელი ლიდერებთან ერთად] ვმუშაობთ ამაზე." თქვა მან.

ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს გაათავისუფლოს უკრაინული გემები და მათი ეკიპაჟი, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა. უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

პეტრო პოროშენკო პარლამენტს მოუწოდებდა საომარი მდგომარეობა 2019 წლის 25 იანვრამდე გამოცხადებულიყო.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

კომენტარები